საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022-23 წლებში სასწრაფო დახმარების ცენტრში (სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით დამსაქმებელთან მოლაპარაკებები სცადეს. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მედიაციაც. მედიაციის უშედეგობის გამო ჩატარდა საპროტესტო აქციებიც.
ნაცვლად მოლაპარაკებისა, ცენტრმა 2023 წლის ივლისიდან ასობით პირი, მათ შორის, პროფკავშირისა და საპროტესტო აქციების ლიდერები სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების უკანონობის დასადგენად პროფკავშირებმა სარჩელით სასამართლოსმიმართა.
საგულისხმოა, რომ გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ცენტრის მიერ სავალდებულოდ დაწესებულიგამოცდების „ჩაუბარებლობა“. პროფკავშირმა საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ცენტრი გამოცდებს მისთვის მიუღებელი თანამშრომლების მიმართ ანგარიშსწორების მიზნით და მათ გასათავისუფლებლად იყენებდა.
ცენტრის ქმედებებისახალხო დამცველმაც ანტიპროფკავშირულსაქმიანობად შეაფასა (ვრცლად იხ. ბმულზე:
https://gtuc.ge/profkavshirebi-saxalxo-damcveli/ ).
სარჩელის აღძვრამდე გათავისუფლებული პირების სახელით პროფკავშირებმა დამსაქმებლისგან გამოცდაზე შესრულებული ტესტი, ტესტის გამოსაცდელი პირისადმი კუთვნილების უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებულება და უტყუარობის ტექნიკურად უზრუნველყოფის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი გამოითხოვა. აგრეთვე,გამოითხოვა პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტების ასლები. დოკუმენტაცია განმცხადებლებს ესაჭიროებოდათ სასამართლოში მტკიცებულებების სახით წარსადგენად, რადგან სარჩელი ეფუძნება ორ ძირითად არგუმენტს:
1. მოსარჩელეები ეჭვქვეშ აყენებენ ტესტის მათდამი კუთვნილებას;
2. ტესტის შედეგიდასაქმებულებისთვის არ ხდებოდა ცნობილი ტესტის წერის დასრულებისთანავე კომპიუტერის მონიტორზე მაშინვე გამოტანით, პასუხი გამოსაცდელ პირებსეცნობებოდათ მოგვიანებით და ცენტრი არ იძლეოდა ტესტის გადახედვის შესაძლებლობას.
დასაქმებულებს წაერთვათ პასუხების დარგის პროფესიონალებთან გადამოწმების საშუალება, ამით კი – ტესტის შედეგის ეფექტიანად გასაჩივრების უფლება. ტესტის გადაცემაზე ცენტრმა უარი განაცხადა და განმარტა, რომ ის ცენტრის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა.
საჩივრის განხილვისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ ცენტრმა დასაქმებულს არც ტესტი გადასცა და მოთხოვნის შემდეგ არც ტესტის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
ცენტრს არ დაუსაბუთებია, რაზე დაყრდნობითშეიძლება, მიჩნეული იყოს ტესტი კონფიდენციალურად მაშინ, როცა მის გადაცემას ითხოვდა თავად ის პირი, ვინც შეასრულა და ტესტის შინაარსსაც იცნობდა. სამსახურმა ხაზი გაუსვა, რომ მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებაზე უპირობო უარი არ შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს და გასათვალისწინებელი იყო თავად მონაცემთა სუბიექტის დაცვის ღირსი კანონიერი ინტერესიც – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაკავშირებული იყო სწორედ ტესტის წარუმატებლად შესრულებასთან.
ამასთან, საქმის წარმოებისას სამსახურმა დაადგინა, რომ ცენტრს არ გააჩნია ტესტის გამოსაცდელი პირისადმი კუთვნილების უტყუარობის მარეგულირებელი შიდა აქტი.
საბოლოოდ, სსიპ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაიზიარა პროფკავშირების პოზიცია, რომ ტესტები არ წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას და რომ ტესტები შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. სამსახურმა ცენტრი სამართალდამრღვევად ცნო. პასუხისმგებლობის ზომის სახით გაფრთხილება შეუფარდა და დაავალა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში ტესტები გადაეცა განმცხადებლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება პროფკავშირების კიდევ ერთ საჩივარზე სამსახურის მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას (ვრცლადიხ. ბმულზე:
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=667518864990646&id=100051976164094).
ხელმისაწვდომობა ტესტზე, რომლის საფუძველზეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულებიდან „არაკვალიფიციურობის საფუძვლით“ სასწრაფო დახმარების ასობით ექიმი და მძღოლი სამსახურიდან გათავისუფლდა, არსებითია იმისთვის, რომ დაინტერესებული საზოგადოებისა და, პირველ რიგში, თავად დასაქმებულებისთვის ტესტის შინაარსის გაცნობის გზით გამჭვირვალე გახდეს, რა უძღოდა წინ გათავისუფლებას, მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე წლების განმავლობაში მართლა ზრუნავდა თუ არა „არაკვალიფიციური“ სამედიცინო პერსონალი, თუ გამოცდა ჩატარდა შრომის პირობების გაუმჯობესების მსურველი აქტიური თანამშრომლების გასათავისუფლებლად?!
პროფკავშირები მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი მექანიზმით აგრძელებს სასწრაფო დახმარების პერსონალის უფლებათა დაცვას.
სსიპ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში განმცხადებლების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე წარმოადგენდა.