საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივნის, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში იმყოფება, სადაც 4 ნოემბერს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია — „პროფკავშირების როლი შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში“ გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებები და შრომითი ურთიერთობების ექსპერტები.
ღონისძიების მთავარი აქცენტები იყო სოციალური დიალოგის გაძლიერება, ღირსეული შრომის უზრუნველყოფა, შრომის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფკავშირების როლს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო პროფკავშირული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივნის, ირაკლი პეტრიაშვილისა და თურქმენეთის პროფკავშირების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ოგულჯენეტ ბერდილიევას შეხვედრაც.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, როგორც ეროვნული პროფკავშირული გაერთიანებების, ისე დარგობრივი ორგანიზაციების დონეზე. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებაზე, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დასაქმებულთა უფლებების დაცვის, შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და სოციალური დიალოგის განვითარების პროცესში.