წესდება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდება
 
თბილისი                                                                                       24  ოქტომბერი, 2025 წელი
                     
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (შემდგომში – გაერთიანება) არის წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1.2. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წარმოადგენს პროფესიული კავშირების (ასოციაციების), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერთიანებების, (ავტონომიური რესპუბლიკების), ნებაყოფლობით გაერთიანებას, მათი საერთო ინტერესების, მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობის პრინციპების საფუძველზე.
1.3. გაერთიანება დაფუძნებულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დამფუძნებელი ყრილობის მიერ 1992 წლის 18 დეკემბერს და წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის უფლებამონაცვლეს (სამართალმემკვიდრეს).
1.4. გაერთიანება თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
1.5. გაერთიანებას აქვს თავისი სიმბოლოები (დროშა, ემბლემა, ვიმპელი, სამკერდე ნიშანი, ჰიმნი), პროფესიული კავშირის წევრობის მოწმობა, მრგვალი ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.
1.6 გაერთიანება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, მეწარმეთა (დამსაქმებელთა) გაერთიანებების (ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ორგანიზაციებისაგან.
1.7. გაერთიანება უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ორგანიზაციები, ფილიალები (წარმომადგენლობები) როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის აქტივებს საქართველოს კანონმდებლობისა და გაერთიანების მიზნების შესაბამისად, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
1.8 გაერთიანების იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი #1\43.
1.9. გაერთიანების ელექტრონული ფოსტის მისამართია – info@gtuc.ge
მუხლი 2. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპები
2.1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
2.1.1. გაერთიანებისა და გაერთიანების წევრთა ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა;
2.1.2. წევრ ორგანიზაციათა თანასწორუფლებიანობა, დამოუკიდებლობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთთანამშრომლობა;
2.1.3 გადაწყვეტილებების საჯაროობა და გამჭვირვალობა;
2.1.4 ურთიერთინფორმირება;
2.1.5 ხელმძღვანელ ორგანოთა არჩევითობა და ანგარიშვალდებულება წევრი ორგანიზაციების წინაშე;
2.1.6 უმაღლეს ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულების სავალდებულოობა;
2.1.7 დემოკრატიული პრინციპების დაცვა, უმცირესობის აზრის პატივისცემა;
2.1.8 სოლიდარობა საერთო მიზნების მისაღწევად.
მუხლი 3. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
3.1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
3.1.1. საწესდებო მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
3.1.2. საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებით პროფესიული კავშირებისათვის მინიჭებული უფლებებისა და გარანტიების რეალიზება;
3.1.3. დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მოქმედების კოორდინაცია;
3.1.4. სოციალურად სამართლიანი ეკონომიკური რეფორმებისა და სოციალური პარტნიორობის სისტემის დამკვიდრებისათვის ზრუნვა;
3.1.5. საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარება და კონსოლიდაცია. გაერთიანების წევრთა რიგების გაფართოება და განმტკიცება;
3.1.6. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა;
3.1.7. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების დახმარება. საინფორმაციო, მეთოდური, პროფკავშირული კადრების მომზადება, სწავლება, საუკეთესო გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, კულტურულ საგანმანათლებლო, საგამომცემლო საქმიანობის წარმოება;
3.1.8. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა რატიფიცირების ინიცირება. შსო კონვენციებისა და რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი;
3.1.9.   შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტების ინიცირება.
3.1.10. ყველა იმ პროცესში/ღონისძიებაში მონაწილეობა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, რომლებიც გავლენას ახდენს ან მოახდენს წევრთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
3.1.11.   ყველა დონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობა. მათ შორის დამკვირვებლის სტატუსით;
3.1.12. საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მუხლი 4. გაერთიანების მიზნები და ამოცანები
4.1. გაერთიანება აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და მოქმედებს საერთო            მიზნებიდან გამომდინარე.
4.2. გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები იცავენ დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ სამართლებრივ და პროფესიულ ინტერესებს.
მუხლი 5. გაერთიანების მიზნებია:
5.1 ხელი შეუწყოს:ა) სოციალურად სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ბ) საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და გაძლიერებას;
გ) ევროინტეგრაციას;
დ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას;
ე) პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობას;
ვ) ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
ზ) გენდერული თანასწორობის დაცვას;
თ) ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.
5.2 წარმოადგინოს დასაქმებულთა ინტერესები:
ა) ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვის პროცესში;
ბ) სოციალური, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის, დასაქმების, შრომის ბაზრის განვითარების, ფასებისა და სამომხმარებლო ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
გ) შრომის, სოციალური, სამართლებრივი და სხვა კანონმდებლობის შემუშავების  პროცესში.
დ) განათლებისა და კულტურის პოლიტიკაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში.
მუხლი 6. გაერთიანების ამოცანებია:
6.1 ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, მათ შორის გაფიცვის უფლების, სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის დაცვისა და პროფკავშირების თავისუფალი საქმიანობისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
6.2 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების წარმომადგენლობების მეშვეობით პროფკავშირის წევრებისათვის უწყვეტი სწავლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
6.3 იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების შექმნის გზით  დაინტერესებული პროფკავშირის წევრებისათვის შრომითი უფლებების დაცვა.
6.4 პროფკავშირის წევრთა წარმომადგენლობა ყველა მესამე პირთან მიმართებაში და მათი უფლებების დაცვა;
6.5 სოციალური დიალოგის წარმოება საქართველოს მთავრობასა და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან, კოლექტიური მოლაპარაკებების და მედიაციის პროცესის   წარმოების ხელშეწყობა;
6.6 პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების განხილვა გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი” მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით;
6.7  გაერთიანების აქტივების მიზნობრივი სარგებლობა, განკარგვა.
6.8 დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური სამართლებრივი უფლებებისა და პროფესიული ინტერესების დასაცავად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება და ჩატარება, სოლიდარობის, საგაფიცვო ფონდების შექმნა.
6.9 ქვეყანაში  გარემოს დაცვის, ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმების, შემწეობისა და კომპენსაციების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 7. გაერთიანების ვალდებულებებია
7.1 წევრი ორგანზაციების წარმომადგენლობა და ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
7.2 წარმოადგინოს წევრი ორგანიზაციები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.
7.3 ხელი შეუწყოს წევრი ორგანიზაციების ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული და გარანტირებული უფლებების დაცვას.
7.4 ხელი შეუწყოს წევრ ორგანიზაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან  ურთიერთობის დამყარებასა და თანამშრომლობას.
7.5 არ განახორციელოს ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს წევრი ორგანიზაციების ორგანიზაციულ მთლიანობას;
7.6  ჩამოაყალიბოს პროფკავშირული საქმიანობისთვის აუცილებელი სამსახურები.
7.7 აღმოუჩინოს წევრ ორგანიზაციებს თანადგომა და ქმედითი მხარდაჭერა სოციალურ პარტნიორებთან დიალოგის წარმოებაში;
7.8 გაუწიოს წევრ ორგანიზაციებს მეთოდური დახმარება პროფკავშირული კადრების მომზადებისა და სწავლების მიმართულებით.
7.9 გაერთიანების საქმიან რეპუტაციასა და იმიჯზე ზრუნვა.

მუხლი 8. გაერთიანების წევრად შესვლა, გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლა 

8.1 გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს პროფესიული კავშირი (ასოციაცია), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერთიანება (ავტონომიური რესპუბლიკის), რომელიც შექმნილია ,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 და #98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს, იწონებს (ეთანხმება) გაერთიანების მიზნებს, ამოცანებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ცნობს ამ წესდებას და იღებს მას სავალდებულოდ შესასრულებლად.
8.2 წევრად შესვლის მსურველი ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს გაერთიანების გამგეობას, რომელსაც თან ერთვის მსურველი ორგანიზაციის წევრთა უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
8.3 გაერთიანების წევრად მიღების ან გაერთიანების შემადგენლობიდან წევრის გასვლის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.
8.4 გაერთიანების გამგეობა გაწევრიანების შესახებ განცხადების მიღების შემდეგ, ქმნის დროებით კომისიას, რომელიც წევრ ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და მსურველი ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, დასკვნას წარუდგენს გამგეობას.
8.5 გაერთიანების გამგეობა ვალდებულია მსურველი ორგანიზაციის წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის საკითხი გადაწყვიტოს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 თვის ვადაში, წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
8.6 წევრი ორგანიზაციის განცხადება და მისი უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, გაერთიანების გამგეობის მიერ განხილულ უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
8.7 წევრი ორგანიზაციის განცხადებას, გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, თან ერთვის გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნა, გასვლის მსურველი წევრი ორგანიზაციის მიერ საწევრო ანარიცხების გადახდის საწესდებო ვალდებულების  შესრულების შესახებ.
8.8 ორგანიზაცია გაერთიანების წევრად მიღებულად (გაერთიანების შემადგენლობიდან გასულად) ითვლება გაერთიანების გამგეობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
8.9 გაერთიანების წევრი ორგანიზაცია იმავდროულად არ შეიძლება იყოს საქართველოში მოქმედი სხვა პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანების ან ასოციაციის წევრი.
8.10 გაერთიანებას ასევე შესაძლოა ჰყავდეს ასოცირებული წევრი. გაერთიანების ასოცირებული წევრი შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის გაერთიანების წევრი რომელიმე დარგობრივი ორგანიზაციის შემადგენლობაში. გაერთიანება ასოცირებულ წევრს იღებს მისი განცხადების ან ორგანიზაციის შემთხვევაში მისი მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების წარმოდგენის საფუძველზე, არაუმეტეს სამი წლის ვადით  შემდგომში შესაბამის დარგობრივ ორგანიზაციებში ინტეგრაციის მიზნით. ასოცირებულ წევრად არ მიიღება პირი, რომელიც გარიცხულია გაერთიანების წევრი რომელიმე დარგობრივი ორგანიზაციიდან. ასოცირებული პირის გადასახდელი არ უნდა იყოს ასოცირებული პირის შემოსავლის 2%-ზე ნაკლები.
მუხლი 9. გაერთიანების წევრი ორგანიზაციები
9.1 წევრი ორგანიზაციები წარმოადგენენ პასუხისმგებელ ორგანიზაციებს მათ სფეროებზე/დარგებზე მიკუთვნებულ საკითხებზე.
9.2 მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, გაერთიანების მიერ წინამდებარე წესდებით აღიარებულია და გარანტირებულია წევრი ორგანიზაციების შიდა საქმიანობის ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა.
მუხლი 10.   გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ძირითადი უფლებები
10.1 გაერთიანების წევრ ორგანიზაციას უფლება აქვს:
10.1.1 წარმოადგინოს გაერთიანებაში მის სტრუქტურებში შემავალი პირველადი  პროფკავშირული ორგანიზაციებისა და პროფკავშირის წევრთა ინტერესები;
10.1.2 აირჩიოს და წარადგინოს დელეგატები და თავისი წარმომადგენლები გაერთიანების ყრილობასა და გაერთიანების უმაღლეს, ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით და მაკონტროლებელ ორგანოებში.
10.1.3 წარადგინოს კანდიდატურები გაერთიანების გამგეობის შემადგენლობაში შესაყვანად მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით;
10.1.4 წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული რეგულაციების გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების ხელმძღვანელი, კოლეგიური და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობაში;
10.1.5 მიმართოს გაერთიანებას:
ა) პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი განმარტებების, სამართლებრივი მხარდაჭერის, კონსულტაციებისა და ინფორმაციების მიღების მიზნით;
ბ) საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობის საკითხებზე;
გ) გამოიყენოს გაერთიანების შესაძლებლობები პროფკავშირული კადრების მომზადებისა და სწავლებისათვის, ისარგებლოს მის ხელთ არსებული მეთოდური და სასწავლო ლიტერატურით.
10.1.6 წინამდებარე წესდების შესაბამისად, მოამზადოს საკითხები და ინიცირება მოახდინოს გაერთიანების უმაღლეს, ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით და მაკონტროლებელ ორგანოებში განსახილველად;
10.1.7 ისარგებლოს გაერთიანების უძრავი ქონებით და მონაწილეობა მიიღოს მის მართვასა და განკვარგვაში.
მუხლი 11. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ძირითადი ვალდებულებები
11.1 გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ვალდებულია:
11.1.1 დაიცვას გაერთიანების წესდება და საკუთარი წესდება და საქმიანობა არ ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანების წესდებას.
11.1.2 გაითვალისწინოს და შეასრულოს გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების, რეკომენდაციები  დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
11.1.3 წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო შენატანები (ანარიცხები);
11.1.4 უზრუნველყოს მის მიერ არჩეული დელეგატების დასწრება გაერთიანების ყრილობაზე;
11.1.5. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ საერთო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგეგმილ ღონისძიებებსა და საპროტესტო აქციებში, გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების, აგრეთვე სხვა დროებითი კომისიების მუშაობაში;
11.1.6 არ დაუშვას ქმედება, რომელიც რაიმე სახის ქონებრივ ან არაქონებრივ ზიანს მიაყენებს გაერთიანებასა და მის წევრ ორგანიზაციებს;
11.1.7. მიაწოდოს გაერთიანებას ინფორმაცია საკუთარ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების, პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული დადგენილებების, უმაღლესი ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობაში ცვლილებებისა და საწევრო შენატანების (ანარიცხების) აკრეფის მდგომარეობის შესახებ;
11.1.8. ყოველი წლის 1 მარტამდე გაერთიანებას წარუდგინოს სტატისტიკური ანგარიშები დადგენილი ფორმებისა და ვადების შესაბამისად;
11.1.9 გაუფრთხილდეს და პატივი სცეს პროფკავშირული მოძრაობის ინტერესებს, არ დაუშვას პროფკავშირების იმიჯისა და ავტორიტეტის შელახვა, იზრუნოს პროფკავშირული მოძრაობის განვითარებისა და განმტკიცებისათვის.
11.1.10 ხელი შეუწყოს ერთიანი და სოლიდარული პროფკავშირული მოძრაობის ჩამოყალიბებას. იყვნენ სოლიდარულები გაერთიანების სხვა წევრი ორგანიზაციებისა და მათი გამოწვევების მიმართ. აქტიურად ჩაერთონ სოლიდარობის კამპანიებში,  გაერთიანების და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ  ღონისძიებებში.
11.1.11 გამოიჩინონ ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალობა წევრი ორგანიზაციების მიმართ.
11.1.12 უზრუნველყოს გაერთიანების მიერ ორგანიზებულ სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობა.
11.1.13 უზრუნველყოს გაერთიანების ინფორმირება მისი და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი საარჩევნო კრებების, კოლეგიალური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, საინფორმაციო თუ სხვა ტიპის კამპანიების, კოლექტიური შრომითი დავების, მედიაციების შესახებ და იმოქმედოს მასთან კოორდინირებულად.
11.1.14 მოახდინოს გაერთიანების სისტემატიური, სრულყოფილი და დროული ინფორმირება წევრი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების საჭიროებების შესახებ და ასევე გაერთიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ წევრთა ინფორმირება.
მუხლი 12. რეგიონალური გაერთიანებები
12.1 გაერთიანების შემადგენლობაში შედიან და წევრ ორგანიზაციებს წარმოადგენენ რეგიონალური გაერთიანებები, რომელთა  მიზანი და ძირითადი ფუნქციაა რეგიონში გაერთიენების წევრი დარგობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და მხარდაჭერა.
12.2 რეგიონალური გაერთიანებები არ უნდა აწევრიანებდნენ ისეთ პირველად ორგანიზაციებს, რომლებიც არ შედიან გაერთიანების წევრი ორგანიზაციების შემადგენლობაში.
მუხლი 13. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა
13.1 გაერთიანების წევრ ორგანიზაციას, გაერთიანების გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩამოერთვას ხმის უფლება და შეეზღუდოს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მუშაობაში მონაწილეობა შემდეგი გარემოებების არსებობისას:
13.1.1 გაერთიანების წესდების მოთხოვნების, ყრილობის და გამგეობის დადგენილებების შეუსრულებლობა.
13.1.2 საწევრო შენატანების (ანარიცხების) 3 თვეზე მეტი ხნით არასრული ოდენობით გადახდა.
13.2 წევრ ორგანიზაციას, საწევრო შენატანების (ანარიცხების) 6 თვეზე მეტი ხნით გადაუხდელობის შემთხვევაში, დაერიცხება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე დავალიანების ჯამური თანხის 2 %-ის ოდენობით.
13.3 წევრი ორგანიზაცია, გაერთიანების გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გაირიცხოს გაერთიანების შემადგენლობიდან, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
13.3.1 ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საწევრო დავალიანების არსებობა.
13.3.2 გაერთიანების წესდების საწინააღმდეგო ქმედება.
13.3.3 პროფკავშირების იმიჯის, ავტორიტეტისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ქმედება.
13.4 გაერთიანების მიერ წევრი ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე, გამგეობის შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია  შეისწავლოს საკითხი და მისი გამომწვევი მიზეზები, ასევე წევრი ორგანიზაციებისგან მიიღოს რეკომენდაციები და გაიაროს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.
13.5 წევრ ორგანიზაციას, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პასუხისმგებლობის ზომა, უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებამდე წარადგინოს მოსაზრება და დაასაბუთოს მისი პოზიცია უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.
მუხლი 14. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევრო შენატანები (ანარიცხები)
14.1 გაერთიანების მიერ საწესდებო მოვალეობათა სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წევრი ორგანიზაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, იხდის ყოველთვიურ ფულად საწევრო შენატანს (ანარიცხს).
14.2 საწევრო შენატანების (ანარიცხების) დროული და სრული მოცულობით გადახდა წარმოადგენს წევრი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას გაერთიანების წინაშე.
14.3 გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება თვის განმავლობაში წევრი ორგანიზაციების წევრების მიერ გადახდილი საწევრო-ანარიცხების მთლიანი ოდენობის (100%) არანაკლებ 5 პროცენტისა.
14.4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანების საწევრო შენატანები(ანარიცხები) განისაზღვრება წევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში თვის განმავლობაში შესული (ჩარიცხული) მთლიანი ოდენობის (100 %) 5 პროცენტით, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებისა და ცხინვალის პროფესიული კავშირების ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში თვის განმავლობაში შესული (ჩარიცხული) მთლიანი ოდენობის (100%) 2 პროცენტით.
მუხლი 15. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოები
15.1. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოებია:
15.1 გაერთიანების ყრილობა.
15.2 ყრილობებს შორის მუშაობის პერიოდში, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების გამგეობა.
15.3  გაერთიანების შუალედური მართვის ორგანოა გენერალური საბჭო.
15.2 გაერთიანების უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია.
მუხლი 16. გაერთიანების ყრილობა
16.1 გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების ყრილობა.
16.2 გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ, მე-4 საანგარიშო წლის ოქტომბრის თვეში.
16.3 ყრილობა, როგორც წესი, ტარდება ფიზიკურად, თუმცა ფორსმაჟორული/დაუძლეველი ძალის გარემოებებისა და სხვა ტიპის აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ნაწილის ან სრულად დისტანციურ რეჟიმში ჩატარება გამგეობის  გადაწყვეტილებით.
16.4 გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებს, დემოკრატიული პრინციპებისა და გენდერული ბალანსის დაცვით, ირჩევენ გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოები წინამდებარე წესდებით დადგენილი კვოტის მიხედვით:
16.41 წევრი ორგანიზაციები გაერთიანების ყრილობის დელეგატების არჩევისას ითვალისწინებენ წარმომადგენლებს საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანებასა და აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანებაში შემავალი მათი შესაბამისი ორგანიზაციებიდან, წევრთა ოდენობის პროპორციულად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი დარგობრივი ორგანიზაციების მიერ დადგენილი ქვოტის პროპორციულად.
16.5 გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევროს გადამხდელ პროფკავშირის წევრთა რიცხოვნობა დგინდება გაერთიანების გამგეობის მიერ, გაერთიანების წლიური სტატისტიკური ანგარიშით დამტკიცებული წევრთა რაოდენობიდან საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
16.6 გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია ყრილობამდე ექვსი თვით ადრე განსაზღვროს წევრ ორგანიზაციებში გაერთიანების ყრილობის დელეგატთა არჩევნების დაწყებისა და დამთავრების ვადები, ამ შემთხვევაში წევრ ორგანიზაციებში ყრილობის დელეგატთა არჩევნები მთავრდება ყრილობამდე ერთითვით ადრე.
16.7 გაერთიანების ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლობა გაერთიანების ყრილობაზე განისაზღვრება თითოეულისთვის თითო წევრით საარჩევნო ხმის უფლებით.
16.8 გაერთიანების ყრილობის მოწვევის, ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ დადგენილებას იღებს გაერთიანების გამგეობა ყრილობამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
16.9 გაერთიანების ყრილობის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გაერთიანების ყველა წევრ ორგანიზაციას, ყრილობამდე ორი კვირით ადრე.
16.10 გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, თუ მას ესწრება დელეგატთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.
16.11. ყრილობა დადგენილებებს იღებს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
16.12 გაერთიანების ყრილობებს შორის პერიოდში ფუნქციონირებს გენერალური საბჭო, გაერთიანების გამგეობა და მის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიები, რომელნიც უფლებამოსილი არიან განსახილველად მიიღონ და გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგინონ განსახილველი საკითხების პროექტები.
16.13 კომისიაში საკითხის ინიცირების უფლება აქვთ:
16.13.1 წევრ ორგანიზაციას;
16.13.2 საკონტროლო-სარევიზიო კომისიას;
16.13.3 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს სამხარეო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში;
16.13.4 გენერალურ საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;
16.14 გაერთიანების ყრილობის დადგენილება მიიღება ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, ხოლო დადგენილება წესდების შეცვლის თაობაზე – 2/3 უმრავლესობით.
16.15 გაერთიანების პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილეები თანამდებობით ავტომატურად არიან მორიგი ყრილობის დელეგატები.
16.16  გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა:
16.16.1 ისმენს გაერთიანების გამგეობის ანგარიშს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, განიხილავს და შეფასებას აძლევს გაერთიანების გამგეობის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ მუშაობას;
16.16.2 ისმენს, განიხილავს და ამტკიცებს გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშს;
16.16.3 განსაზღვრავს ერთიანი პროფკავშირული მოქმედების პროგრამას მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო პერიოდისათვის;
16.16.4 იღებს გაერთიანების წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
16.16.5 განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტიკას;
16.16.6 ქმნის გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
16.16.7 ამტკიცებს დებულებებს: გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის, გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების, გაერთიანების რწმუნებულის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელ კომისიის, ინსტრუქციას პროფკავშირული ორგანოების არჩევნების შესახებ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
16.16.8 განსაზღვრავს კენჭისყრის ჩატარების ფორმას (ღია, ფარული);
16.16.9 ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების გენერალურ მდივანს  და პრეზიდენტს (ფარული კენჭისყრით);
16.16.10 გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინებით, ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს  გენერალური მდივნის მოადგილეებს;
16.16.11 იხილავს წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ გამგეობის შემადგენლობაში დელეგირებულ წევრთა უფლებამოსილების საკითხს და ამტკიცებს მათ პერსონალურად გაერთიანების პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილეების შემადგენლობით;
16.16.12 ამტკიცებს გაერთიანების ყრილობის და გამგეობის მუშაობის რეგლამენტებს;
16.16.13 დელეგატთა წარმომადგენლობის მიერ შერჩეული კანდიდატურებიდან, ირჩევს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს.
16.17 გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას გაერთიანების გამგეობის დადგენილებით:
16.17.1 გაერთიანების გამგეობის ინიციატივით;
16.17.2 გაერთიანების იმ წევრი ორგანიზაციების ერთი მესამედის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების დადგენილებების საფუძველზე, რომელთა პროფკავშირის წევრთა ჯამური რაოდენობა აღემატება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების პროფკავშირის წევრთა 33%-ს.
16.17.3 გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას აქვს იგივე უფლებამოსილებები, რაც მორიგ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას.
16.18 გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია გაერთიანების პრეზიდენტს, გენერალურ მდივანსა და მოადგილეებს, გაერთიანების მიზნების ან წესდების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში დელეგატთა სიითი შემადგენლობის 2\3-ის უმრავლესობით, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება და აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და მოადგილეები დარჩენილი ვადით.
მუხლი 17. გაერთიანების გამგეობა
17.1 გაერთიანების გამგეობა წარმოადგენს გაერთიანების ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც გაერთიანების ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს გაერთიანების საქმიანობას.
17.2 გაერთიანების გამგეობის შემადგენლობას 4 წლის ვადით ამტკიცებს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
17.3 გამგეობის სხდომა, როგორც წესი, ტარდება ფიზიკურად, თუმცა ფორსმაჟორული/დაუძლეველი ძალის გარემოებებისა და სხვა ტიპის აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებელია მისი ნაწილის ან სრულად დისტანციურ რეჟიმში ჩატარება გამგეობის გადაწყვეტილებით.
17.4 გაერთიანების გამგეობა ფორმირდება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ, წევრი ორგანიზაციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის და მისი მუდმივი შემცვლელი პირის (გამგეობის წევრის სრული უფლებით) პირდაპირი დელეგირების წესით. გამგეობის შემადგიენლობაში  ავტომატურად შედიან  გაერთიანების პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილეები.
17.5 გაერთიანების გამგეობა ანაგრიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე.
17.6 გაერთიანების გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას საწესდებო ვალდებულებების განსახორციელებელ საკითხებზე, რომლებიც არ შედის ყრილობის კომპეტენციაში და ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყვეტას.
17.7 საანგარიშო-საარჩევნო პერიოდში გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრის წარმომდგენ ორგანოს უფლება აქვს გამგეობის შემადგენლობაში წარმოადგინოს ახალი წევრი. ამ შემთხვევაში ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხს ამტკიცებს გაერთიანების გამგეობა.
17.8 გაერთიანების წევრ ორგანიზაციებსა და რეგიონულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ჰყავთ თითო წარმომადგენელი გაერთიანების გამგეობაში.
17.9 გაერთიანების გამგეობის წევრი ან მისი მუდმივი შემცვლელი პირი არ შეიძლება იყოს იმავდროულად გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი.
17.10 გაერთიანების გამგეობის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.
17.11 გაერთიანების გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ერთისა ყოველ სამ თვეში გაერთიანების გენერალური მდივნის მოწვევით;
17.12 გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) გაერთიანების გენერალური მდივნის ინიციატივით;
ბ) გამგეობის წევრთა 1\3-ის მოთხოვნის საფუძველზე.
17.13 გამგეობის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის ყველა წევრს ეცნობება მოწვევამდე არაუგვიანეს სამი დღისა.
17.14 გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
17.15 გაერთიანების გამგეობის სხდომების მუშაობაში თითო წევრით, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობენ გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
17.16 გაერთიანების გამგეობის დადგენილება მიიღება სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო უძრავი ქონების განკარგვის შესახებ დადგენილება სიითი შემადგენლობის 2/3 –ის უმრავლესობით.
17.17  აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში (ფორსმაჟორი, დაუძლეველი ძალის გარემოება), როდესაც შეუძლებელი ხდება გამგეობის სხდომის ჩატარება ფიზიკური დასწრებით, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს საკითხები განიხილოს დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ან კომისიის წევრებთან შეთანხმებით/ შეკითხვის წესით/.
მუხლი 18. გაერთიანების გამგეობის ფუნქციები: 
18.1 წარმართავს გაერთიანების საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ყრილობის დადგენილებების, სამოქმედო პროგრამის, გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად;
18.2 კოორდინაციას უწევს გაერთიანების საქმიანობას ყრილობებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე;
18.3 ფლობს, მართავს და განკარგავს გაერთიანების საკუთრებას;
18.4 განსაზღვრავს ყრილობის მოწვევის თარიღს, ადგილსა და დღის წესრიგს;
18.5 ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, ისმენს მათი მუშაობის ანგარიშებს, ხელს უწყობს გაერთიანებასთან არსებულ ქალთა, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას;
18.6 გენერალური მდივნის წარდგინებით, გამგეობის ერთ-ერთ წევრს ავალებს გენერალური მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებას;
18.7 იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის, იურიდიული პირების, წარმომადგენლობების დაფუძნების შესახებ და გაერთიანების პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს;
18.8 გაერთიანების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრავს წევრი ორგანიზაციების მიერ დამატებითი შენატანების ოდენობას;
18.9 იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული წევრი ორგანიზაციის საწევრო შენატანებთან (ანარიცხებთან) დაკავშირებით;
18.10 საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის შესახებ;
18.11 გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;
18.12 აწესებს საქართველოს პროფესიული კავშირის წევრის მოწმობის (ბილეთის) ერთიან ნიმუშს, ამტკიცებს გაერთიანების სიმბოლოებს;
18.13 განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტიკას;
18.14 იხილავს და ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტს;
18.15 ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს წინამდებარე წესდების შესაბამისად.
მუხლი 19. გენერალური საბჭო
19.1 გენერალური საბჭო არის გაერთიანების შუალედური მართვის ორგანო, რომლის მიზანია ყრილობებს შორის გაერთიანების და მისი წევრი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება, ეფექტური კომუნიკაცია წევრებსა და გაერთიანებას შორის, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე არსებული პრობლემური საკითხების, გამოწვევების იდენტიფიცირება და განხილვა.
19.2 გენერალური საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს წევრი ორგანიზაციებისთვის, გამგეობისა და ყრილობისთვის. გენერალური საბჭო გამგეობის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედი კომისიებში ახორციელებს საკითხის ინიცირებას.
19.3   გენერალური საბჭო შედგება
ა) დარგობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან
ბ) ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებისგან
გ) ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან
დ) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან
19.4 გენერალური საბჭოს წევრთა ოდენობა, წარმომადგენლების არჩევის წესი, საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
19.5  გენერალური საბჭო მოიწვევა არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
19.6 გენერალური საბჭოს ხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი.
19.7 გენერალური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) გაერთიანების გენერალური მდივნისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.
ბ) გაერთიანების გამგეობის გადაწყვეტილებით.
მუხლი 20. პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილეები
20.1 გაერთიანების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, გენერალურ მდივანსა და გენერალური მდივნის მოადგილეებს ყრილობის დელეგატთაგან ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით.
20.2 აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეები თანამდებობრივად არიან გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილეები საზოგადოებრივ საწყისებზე.
20.3 გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს გაერთიანების გენერალური მდივანი, მისი არყოფნის შემთხვევაში, გენერალური მდივნის განკარგულებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე.
20.4 გაერთიანების პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილეების უფლებამოსილება გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.
20.5 გაერთიანების პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილეები იმავდრულად არიან გაერთიანების გამგეობის წევრები.
20.6 პირადი განცხადებით გაერთიანების გენერალური მდივნის თანამდებობიდან გადადგომის ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიწვიოს რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელიც ირჩევს ახალ გენერალური მდივანს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
20.7  გაერთიანების  პრეზიდენტი:
20.7.1 წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს საერთაშორისო დონეზე გაერთიანების წარმომადგენლობაზე.
20.7.2 კოორდინირებას უწევს ვიცე-პრეზიდენტების საქმიანობას, ხელს უწყობს პროფკვაშირული სოლიდარობის ამაღლებას, წევრი ორგანიზაციების პრობლემების იდენტიფიცირებას და გადაწყვეტის გზების დასახვას.
20.7.3 იწვევს და თავმდჯომარეობის გაერთიანების გამგეობის სხდომებს და ხელმძღვაბელობს მათ მომზადებას.
20.7.4 ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობის მუშაობას.
20.7.5 გაერთიანების სახელით მონაწილეობს შეხვედრებში, თათბირებში, სემინარებში, კონფერენციებში, საწესდებო დოკუმენტებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.
20.7.6 ხელს აწერს წერილებს, განცხადებებს, მიმართვებს, კორესპონდენციებს.
20.7.7 ხელს აწერს ყრილობისა და გამგეობის დადგენილებებს.
20.7.8 ახორციელებს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მიერ დასახულ სხვა ღონისძიებებს, რომელთა შესრულებაც არ შედის გენერალური მდივნის მოვალეობებში.
20.7.9. პირადი განცხადებით გაერთიანების პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დარჩენილი უფლებამოსილების ვადით გამგეობის დადგენილებით პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი.
20.8  გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტები
20.8.1 გაერთიანებას ჰყავს საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე 7 ვიცე პრეზიდენტი.
20.8.2 გაერთიანების  ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკური სექტორების მიხედვით პრეზიდენტის წარდგინებით წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელებიდან ირჩევს ყრილობა ან გენერალური საბჭო, ყრილობის მიერ აღნიშნული ფუნქციის გენერალური საბჭოსათვის დელეგირების შემთხვევაში.
20.8.3 ვიცე-პრეზიდენტი:
ა) ახორციელებს შესაბამის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას მათი საერთო სოლიდარული მოქმედებებით გადაჭრის მიზნით.
ბ) ხელს უწყობს სექტორში სოლიდარობის ამაღლებას.
გ) ხელს უწყობს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკების წარმოებას და გაფორმებას.
დ) პასუხისმგებელია შესაბამისი სექტორში მოქმედი წევრი ორგანიზაციების  გამართულ და კოორდინირებულ მუშაობაზე.
20.9 გაერთიანების გენერალური მდივანი:
20.9.1 ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრულებას;
20.9.2 წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს ეროვნულ დონეზე გაერთიანების წარმომადგენლობაზე. წარმოადგენს გაერთიანებას და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, დამსაქმებელთა (მეწარმეთა) კავშირებში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში.
20.9.3 წარმოადგენს გაერთიანებას და ხელმძღვანელობს გაერთიანების პოლიტიკას მას-მედიასთან ურთიერთობაში.
20.9.4 ამტკიცებს გაერთიანების საშტატო განრიგს, აწარმოებს კადრების შერჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს), გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებებს;
20.9.5 გაერთიანების სახელით მონაწილეობს მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში, სხდომების, თათბირების, სემინარების, კონფერენციების მუშაობაში და საწესდებო მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში;
20.9.6 ხელს აწერს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, საფინანსო და სხვა დოკუმენტებს;
20.10 გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილეები
20.10.1 გაერთიანების გენერალურ მდივანს ჰყავს 4  მოადგილე, საიდანაც ორი თანამდებობრივად არის გენერალური მდივნის მოადგილე საზოგადოებრივ საწყისებზე.
20.10.2 გაერთიანების გენერალური მდივნის  მოადგილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების გენერალური მდივნის წინაშე. ფუნქციების განაწილებას გენერალური მდივნის მოადგილეებს შორის გენერალური მდივნის წარდგინებით განსაზღვრავს გაერთიანების გამგეობა.
20.10.3 პირადი განცხადების საფუძველზე ან წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, გაერთიანების გამგეობის დადგენილებით შეიძლება გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. გენერალური მდივნის მოადგილისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან აღდგენის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა დამსწრეთა – ხმების უმრავლესობით.
20.11 გაერთიანების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების პრაქტიკულ საქმიანობას და ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის წინაშე.
მუხლი 21. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია
21.1 გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიას 7 წევრის შემადგენლობით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის ვადით.
21.2 ყრილობის დელეგატთა წარმომადგენლობა შეარჩევს გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ასარჩევ კანდიდატურებს და წარუდგენს ყრილობას კენჭისყრისათვის.
21.3 გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრულების, გაერთიანების საკუთრების გამოყენების, ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვაზე, წევრი ორგანიზაცების მიერ გაერთიანებაში საწევრო შენატანების (ანარიცხების) გადახდის მდგომარეობაზე.
21.4 გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია გადახდილი საწევრო შენატანების (ანარიცხების) საფუძველზე ახორციელებს წევრი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშის მონიტორინგს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს გაერთიანების გამგეობას.
21.5 გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინებით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობიდან, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის უფლებამოსილების ვადით.
21.6 გაერთიანების საკონტროლო – სარევიზიო კომისია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის წინაშე და მოქმედებს ყრილობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
მუხლი 22. გაერთიანების სამდივნო
22.1 გაერთიანების სამდივნო იქმნება გაერთიანების ხელმძღვანელთა კოლეგიალობის, მათი საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით.
22.2. გაერთიანების სამდივნოს შემადგენლობაში შედიან გაერთიანების პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და  გენერალური მდივნის მოადგილეები.
22.3. გაერთიანების სამდივნო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.
მუხლი 23. გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები
23.1 გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს გაერთიანების წარმომადგენლობები ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.
23.2 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში პროფკავ-შირული საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და კოორდინაციის მიზნით, სამხარეო (რეგიონული) კონფერენციების მიერ არჩეული რწმუნებულების კანდიდატურებს ამტკიცებს გაერთიანების გამგეობა.
23.3 გაერთიანების რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავის მუშაობას წარმართავს წინამდებარე წესდებისა და ყრილობის მიერ დამტკიცებული დებულების ”სამხარეო ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების რწმუნებულის შესახებ” შესაბამისად.
მუხლი 24. გაერთიანების საკუთრება და ფულადი სახსრები
24.1. გაერთიანება ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ქონებას, ფულად სახსრებს და იყენებს მას თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად.
24.2 გაერთიანების საკუთრება და ფულადი სახსრები დაცულია კანონმდებლობით, ერთიანი და განუყოფელია.
24.3 გაერთიანების ფულადი სახსრები იქმნება წევრი ორგანიზაციების საწევრო შენატანების (ანარიცხების), ნებაყოფლობითი შემოწირულობებისა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.
24.4 წინამდებარე წესდებით წევრ ორგანიზაციებს გარანტირებული აქვს გაერთიანების საკუთრებით სარგებლობის უფლება შესაბამისი წესის საფუძველზე.
24.5 გაერთიანების არაწევრი პროფესიული კავშირებისათვის გაერთიანების ქონებით სარგებლობის უფლების საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.
მუხლი 25. გაერთიანების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
25.1 გაერთიანების რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება გაერთიანების ყრილობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
25.2.  გაერთიანების ლიკვიდაცია ხორციელდება:
25.2.1. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებით;
25.2.2 კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში
25.3 გაერთიანების ყრილობის დადგენილება გაერთიანების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მიიღება ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის ხმათა 2/3-ით.
25.4 გაერთიანების ლიკვიდაციას ახორცილებს გაერთიანების გამგეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
25.5 გაერთიანების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება განაწილდება კანონით დადგენილი წესით.
ყრილობის თავმჯდომარე
ყრილობის მდივანი