მიმდინარეობს საიტის განახლება

სასამართლომ მომსახურების ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად ცნო – პროფკავშირებმა ,,ბიუ-ბიუს” დავა სამივე ინსტანციაში მოუგო

უზენაესმა სასამართლომ ,,ჯეო დისტრებუშენ გრუპის” მიერ ,,ბიუ-ბიუს” სავაჭრო ობიექტზე გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე უკანონოდ გათავისუფლებული პირების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო დავა კიდევ ერთხელ დასაქმებულთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. უფრო მეტიც, სასამართლომ, მომსახურების ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად დააკვალიფიცირა და კომპანიას სახელფასო დავალიანების, ანგარიშსწორების დაყოვნების  გამო პირგასამტეხლოს, განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

როდესაც ,,ბიუ-ბიუს” სავაჭრო ობიექტზე გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე პირები ,,ჯეო დისტრებუშენ გრუპმა” უკანონოდ გაათავისუფლა და ამავდროულად, დასაქმებულებმა კომპანიისგან კუთვნილი ხელფასებიც ვერ მიიღეს, მათ დახმარება პროფკავშირებს სთხოვეს.

სასამართლოში დამსაქმებელი კომპანია ამტკიცებდა, რომ დასაქმებულებთან მომსახურების ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და შესაბამისად, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე  შეეძლო შეეწყვიტა მათთან შრომითი ურთიერთობა. გაერთიანების იურისტმა სერგო მახარაძემ აღნიშნულ საქმეზე დავა სამივე ინსტანციაში მოიგო. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gtuc.ge/biu_biu-_sasamartlo_dava/

საქმეში,  ასევე,  აქტიურად იყვნენ  ჩართულნი მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა  და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფესიული კავშირები.