მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებმა კიდევ ერთი პრეცედენტული დავა მოიგო

,,ჯეო დისტრებუშენ გრუპმა“ „ბიუ-ბიუს“ სავაჭრო ობიექტზე, გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულები სამსახურიდან გაათავისუფლა. თვეზე მეტი, შესრულებული სამუშოსთვის ხელფასი არ გადაუხადა და სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მათთან მომსახურების ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რაც მათი მოსაზრებით, საკუთარი დასქმებულების სამსახურიდან თუნდაც უმიზეზოდ გაშვების უფლებას ნიშნავს.

დასაქმებულებმა დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მიმართეს. საქმე სასამართლოში წავიდა. მართალია, სასამართლო წარმოების ფარგლებში დამსაქმებელი კომპანია ირწმუნებოდა, რომ კომპანიასა და სავაჭრო ობიექტების გამყიდველის პოზიციაზე მუმუშავე პერსონალს შორის ურთიერთობები რეგულირდებოდა (და რეგულირდება) არა შრომით-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ, მომსახურეობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის ფარგლებში კომპანიას, მიუხედავად პერსონალის ქვემდებარეობისა უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ურთიერთობა მათთან, მაგრამ პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, სერგო მახარაძემ დაამტკიცა, რომ მხარეებს შორის არსებობდა არა მომსახურეობის (ნარდობის), არამედ, შრომით-სამართლებრივი ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობა.

სასამართლომ გაიზიარა მომჩივანთა არგუმენტები და მტკიცებულებები, ,,ჯეო დისტრებუშენ გრუპსა“ და თ.კ-ს და ნ.გ შორის გაფორმებული მომსახურეობის ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად დააკვალიფიცირა, ბათილად ცნო კომპანიის გადაწყვეტილება (ნება) „ბიუ-ბიუს“ სავაჭრო ობიექტზე გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულთა გათავისუფლების თაობაზე, ხელშეკრულება აღიარა უვადოდ და კომპანიას დასაქმებულთა სასარგებლოდ დააკისრა სახელფასო დავალიანების, ანგარიშსწორების დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს, განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა.

დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე იცავდა, ხოლო, საქმეში აქტიურად იყო ჩართული აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფესიული კავშირი (Labor).