მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ხუთ მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს, ერთს კი, ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ხუთი მეშახტიდან სამს ტყიბულში დაასაფლავებენ, ერთს – ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში, ერთს კი რაჭაში გადაასვენებენ და იქ დაკრძალავენ.

ტყიბულში იმყოფებიან პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები. გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრეს  ოფიციალურმა პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა. მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაუღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეებს ხსოვნის პატივსაცემად გუშინ ქალაქის ცენტრში მეშახტეების ორგანიზებით მდუმარე აქცია გაიმართა, რომელსაც პროფკავშირებიც შეუერთდა. აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები, რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროფკავშირები მოკვლევის ჯგუფში არიან ჩართულნი და ხელისუფლებას მაღაროებზე შექმნილი უმძიმესი ვითარების გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯების გეგმას, ასევე მაღაროებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარების შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტების  ჩართვას სთავაზობენ.