სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „ვოლტ ჯორჯიამ“ კურიერის პოზიციაზე დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულება დისკრიმინაციული საფუძვლით შეუწყვიტა.
საქმე ეხება გიორგი ტიკარაძეს, რომელიც არსებულ პოზიციაზე 2020 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა.
საზოგადოებას ახსოვს, 2023 წლის თებერვლის თვეში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოსვლები შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ. კურიერები აპროტესტებდნენ შრომით პირობებს, მათ შორის, ფორმალურ ჯანმრთელობის დაზღვევას, დაბალ შრომით ანაზღაურებას და ვოლტის დისკრიმინაციული დევნის პოლიტიკას. გიორგი ტიკარაძე აქტიურად იყო ჩართული კურიერთა შრომითი პირობების გაუმჯობესების კამპანიებში. იგი უკმაყოფილებას გამოხატავდა, როგორც კურიერთა მხარდასაჭერად შექმნილ ფეისბუქ ჯგუფში, რომლის მოდერატორი თავად იყო და რომელშიც 9000 კურიერი ერთიანდებოდა, პრობლემებზე საუბრობდა სატელევიზიო ეთერებში და, ასევე, აორგანიზებდა სხვადასხვა სახის აქციებს.
კურიერების მიერ მორიგი მასშტაბური აქცია 2023 წლის 29 მარტს დაანონსდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სწორედ გიორგი ტიკარაძე იყო. 2023 წლის 26 მარტს გიორგი ტიკარაძის მიერ ფეისბუქ ჯგუფში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც კურიერების მიმართ საპროტესტო აქციაში ჩართვისკენ მოწოდება იყო. მომდევნო დღეს, მან ასევე გამოაქვეყნა დამატებით რამდენიმე ვიდეო, რომელშიც ცნობილი ადამიანები თანადგომაზე საუბრობდნენ. აღნიშნული აქტიურობის საპასუხოდ, შპს „ვოლტ ჯორჯიამ“ 2023 წლის 27 მარტს გიორგი ტიკარაძეს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.
დასაქმებული დახმარების თხოვნით პროფკავშირებს დაუკავშირდა. გაერთიანების იურისტმა ქეთევან ჩხაიძემ აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სახალხო დამცველის აპარატში წარადგინა.
შპს „ ვოლტ ჯორჯია“ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ გიორგი ტიკარაძეს აპლიკაცია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დაებლოკა, 2 კვირაზე მეტი ვადით მიწოდების სერვისის განუხორციელებლობის გამო. მართალია გიორგი ტიკარაძე 2 თვის განმავლობაში მართლაც ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეოებს, ვინაიდან 2023 წლის 27 იანვარს შრომითი მოვალეობების შესრულებისას ავარიაში მოყვა, თუმცა, დასაქმებული მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ჩანაწერი ვოლტის მიერ დისკრიმინაციული საფუძვლებით იყო გამოყენებული, რადგან, ვოლტმა აპლიკაციაზე წვდომა შეზღუდა სწორედ მაშინ, როცა აქციები მწვავე ფაზაში გადავიდა და მან „ჩამოიშორა“ ისეთი დასაქმებული, რომელიც ხმას იღებდა მისი და სხვა კურიერების უფლებების დასაცავად.
აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გაიზიარა საჩივარში წარდგენილი პოზიცია და განმარტა, რომ ამგვარი საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვებით შეიძლება დისკრიმინაციული მოტივები გადაიფაროს. რეკომენდაციაში სახალხო დაცველმა აღნიშნა, რომ კურიერებთან დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და არსებობდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია. მოცემულ საქმეში, სახალხო დამცველს პრობლემურად მიაჩნია 2 კვირის მანძილზე აპლიკაციის გამოუყენებლობის გამო კურიერთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. საგულისხმოა, რომ მსგავსი ჩანაწერი დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლებას მისცემს ყველა იმ პირთან მიმართებით, რომელიც პროტესტის გამო, უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე და შეუძლია, დისკრიმინაციული ზეგავლენამოახდინოს იმ კურიერებზე, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებენ აპლიკაციის ჩართვაზე. ამასთან, სახალხო დამცველმა შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართ გიორგი ტიკარაძისთვის ვოლტის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენის შესახებ რეკომენდაცია გასცა.
პროფკავშირების გაერთიანება საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.