კოპენჰაგენში პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის მეოთხე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა. დანიის დედაქალაქში მსოფლიო მასშტაბის კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დანიის პრემიერ მინისტრმა, კოპენჰაგენის მერმა, შრომის საერთაშოროსო ორგანიზაციის და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტებმა. ყრილობაში მონაწილეობს 164 ქვეყნის 1500 წარმომადგენელი. ყრილობაში აქტიურადაა ჩართული ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის ამპლუაში.
კონგრესი განსაკუთრებული ღონისძიებაა, რადგან სიმბოლურად აღნიშნავს პროფკავშირული მოძრაობის დაარსებიდან 150-ე წლის იუბილეს, ასევე იმართება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების 100 წლისთავზე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნულ ყრილობაზე აირჩევენ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურ მდივანს და პრეზიდენტს, პრეზიდენტის მოადგილეებს, ვიცე პრეზიდენტებს და გენერალური მდივნის მოადგილეებს. გენერალური მდინვობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – შარონ ბაროუ და სუზანა კამუცო. დაძაბულობა დიდია, მაგრამ პროფკავშირებმა ამ არჩევნებით მსოფლიოს კიდევ ერთი დემოკრატიის გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს – ასეთია განვითარებული ქვეყნების პროფკავშირების ლიდერების აზრი. დღეს მთელი მსოფლიოს პროფკავშირების წარმომადგენელთა ყურადღება მიპყრობილია სწორედ ამ ყრილობის მიმართ, რადგან სწრედ იქ განისაზღვრება თუ როგორი იქნება საერთაშორისო პროფკავშირების პოლიტიკა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, კვლავ გაგრძელდება საქართველოს ქომაგობა თუ არსებული ხედვა შეიცვლება.
ყრილობის მონაწილეებს პირველ სამუშაო დღესვე სიტყვით მიმართა პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა. მან საკუთარ გამოსვლაში გლობალურ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება გაამახვილა უკონტროლო მიგრაციის პროცესებზე, ღირსეული შრომის არარსებობაზე ბევრ ქვეყანაში, ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვის გამოვლინებებზე, შრომის გენდერულ დისკრიმინაციაზე, უთანასწორობაზე ხელფასებს შორის და მათი აღმოფხვრის გზებზე, მათ შორის შსო-ს შრომითი სტანდარტების სრული იმპლემენტაციის აუცილებლობაზე.
ირაკლი პეტრიაშვილმა ყრილობაზე ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტის ლულა დი სილვას მხარდამჭერი და უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღების საკითხი დააყენა, რასაც კონგრესმა მხარი ერთხმად დაუიჭირა. ,,21-ე საუკუნის პარადოქსია, რომ კრიმინალი ორბანი თავისუფალია, ხოლო ლულა ციხეში ზის. ორბანი, რომელიც ნერგავს შუასაუკუნეობრივ შრომით ნორმებს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი უნგრელი ძმებისა და დების უფლებებს. მოვუწოდებ ყრილობას შეიქმნას რეზოლუციის ტექსტი ჩვენი უნგრელი ძმებისა და დების მხარდასაჭერად, რომლებიც მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ ორბანის უმსგავსო ქმედებების წინააღმდეგ” – განაცხადა პეტრიაშვილმა. მისივე თქმით ევროპის რეგიონის არაერთ ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პროფკავშირული ორგანიზაციების დემოკრატიულობის საკითხი, მაშინ როდესაც იზრდება ავტორიტარიზმი, ფუნდამენტური თუ კვაზი-დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობები. “PERC”-ის პრეზიდენტის აზრით შექმნილი მდგომარეობიდან მთავარი გამოსავალი ერთობლივ ბრძოლასა და სოლიდარობაშია. ციტატა მისი გამოსვლიდან:”საერთო სოლიდარობა და საჭირო დროს მხარდაჭერის გამოვლინება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი რომლითაც შესაძლებელია ბევრი პრობლემის გადაწყვეტა”.