“ფეროშენადნობთა” ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო

ზესტაფონის “ფეროშენადნობთა” ქარხანაში 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა, რა დროსაც 55 წლის მამაკაცის დაიღუპა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დაიწყო.

უბედური შემთხვევის კვლევის კომისიის შექმნა საწარმოს ადმინისტრაციას მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირმა მოსთხოვა.

კომისიის მუშაობაში პროფკავშირების მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი და დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა მაჩიტიძე მონაწილეობენ. შესწავლის საგანი მომხდარი შემთხვევის მიზეზების დადგენაა.

” ამ ეტაპზე მიმდინარეობს უბედური შემთხვევის მოკვლევა. აქტი ჯერ არ შედგენილა და უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი მოკვლევის ჩატარება ქარხნის ტერიტორიაზე. პირველადი შესწავლით დგინდება, რომ დავით ძაბირაძეს შემთხვევის დროს არ ეკეთა ინდივიდუალური დაცვის საშუალება, კერძოდ, დამცავი ქამარი, რაზეც ბრალეულობის მეტი ტვირთი ადმინისტრაციაზე ვრცელდება. თუ ქარხნის ადმინისტრაცია შეეცდება გაამტყუნოს გარდაცვლილი, პროფკავშირი აქტს ხელს არ მოაწერს და სასამართლოში იდავებს, თუ რა თქმა უნდა გარდაცვლილის ოჯახი თანახმა იქნება” აცხადებს პროფკავშირების მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი.

დავით ძაბირაძე ოთხი დღის წინ 40 მეტრის სიმაღლიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ძველი თუნუქის სახურავს ახალი ფირფიტებით ცვლიდა. ის მიღებული ტრავმებით ადგილზევე გარდაიცვალა. პროფკავშირების სტატისტიკით მიმდინარე წელს, მხოლოდ ორთვენახევრის მანძილზე სამუშაო ადგილებზე 9 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა.

სამუშაო ადგილებზე ინსპექტირებას პროფკავშირების გაერთიანება ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.