დღეს, ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესში, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს 55 წლის ტვირთამწის მძღოლი კობა მაღრაძე დაიღუპა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, მძღოლის ავტომობილი გაუმართავი იყო და დაღმართზე ჩამოსვლისას მუხრუჭები გაუფუჭდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. მათივე განცხადებით, ადგილზე ტექნიკური გაუმართაობის პრობლემაა და ავტომობილებს მუხრუჭები მძიმე მდგომარეობაში აქვთ.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს სს ,,საქართველოს რკინიგზის” დაკვეთით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიურო” ახორციელებს.
პროფკავშირების ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, უბედური შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევის შედეგად მოხდა.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ადგილზე ამ წუთებში მიემართებიან.