ქუთაისში სასტუმრო “ბაგრატში”, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭრით, შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი გაიხსნა. ტრენინგი ტარდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის და ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი შახტის დასაქმებულებისთვის.
შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარი რამდენიმე საკითხზე იმართება, მათ შორის : სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე. სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა არიან.
პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან იღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში;
შეხვედრა ქუთაისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასიმ გახსნა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე, რომელიც ამავდროულად მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმისკოსთა პროფკავშირს ხელმძღვანელობს აცხადებს: ,,სემინარის მონაწილეები წარმოდგენილები არიან მძიმე მრეწველობის სფეროდან. ზემოთაღნიშნული საწარმოები ქალაქწარმომქნელი საწარმოებია და ინდუსტრიულ ცენტრებს წარმოადგენენ სამ სხვადასხვა ქალაქში. ამ საწარმოებში მუდმივად აქვს ადგილი როგორც მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს, ასევე ხშირია კოლექტიური შრომითი დავებიც, შესაბამისად დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის ცოდნა სოციალური დიალოგის როგორც კონცეფციის, ასევე მასში მონაწილეობის უნარ-ჩვევების შესახებ. დასაქმებულებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ამ მიმართულებით რა ტიპის მექანიზმები არსებობს, რა ტიპის მექანიზმების შექმნაა შესაძლებელი და როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად ამ მექანიზმების გამოყენება”.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია ახლახან დაიწყო. შევედრები უკვე შედგა ბათუმსა და ბაკურიანში. 11-12 მარტს ტრენინგებს ქუთაისი მასპინძლობს.