ტყიბულში მიმდინარე მოვლენებზე პროფკავშირები პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ მოიწვიოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, ტყიბულში არსებული კრიზისული ვითარების განსახილველად.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, ტყიბულში არსებული სიტუაცია მძიმეა და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. აუცილებელია საზოგადოებამ და ინვესტორებმა გააცნობიერონ, რომ შახტები უფრო სოციალური პროექტია ვიდრე მხოლოდ ბიზნეს პროექტი და მეტი ძალისხმევა და ყველა რესურსის გამოყენებაა საჭირო სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან, რათა ქალაქმა შეინმარჩუნოს სიცოცხლე.

აღმაშფოთებელია, მეშახტეებისთვის იმ მიზერული ხელფასის დამადლება, რომელსაც წელიწადია იძულებითი უმუშევრობის პირობებში იღებენ, თუმცა ეს თანხაც არაა საკმარისი მათი ოჯახების გამოსაკვებად. ხელფასის ყოველი გადაცილებული დღე ტყიბულისთვის ტრაგედიაა, კომპანია კი უკვე სამი კვირაა ვერ უზრუნველყოფს თანხის გადახდას, რაც სერიოზული უპასუხისმგებლობაა.
ვფიქრობთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, კომპანიამ უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია შახტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გავიდეს მისი მართვიდან. ტყიბულში ახალი ინვესტორის შეყვანა უნდა მოხდეს, რომელსაც ძალუძს უპასუხოს ტყიბულში არსებულ გამოწვევებს.

ერთი წლის წინ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიმართა სამმხრივი პარტნიორობის კომისიას – შახტებში არ განახლებულიყო მუშაობა, სანამ საექსპერტო დასკვნით არ დადასტურდებოდა შახტებში უსაფრთხო შრომა. ინიციატივის საფუძველზე სწორედ სამმხრივმა კომისიამ საერთო გადაწყვეტილებით მოიწვია გერმანული კომპანია, რომელსაც დაუკვეთა ექსპერტიზა. აღსანიშნავია, რომ დასკვნა უკვე 10 თვეა მიღებული აქვს ხელისუფლებას, რომელიც მას ასაიდუმლოებს და პროფკავშირების გაერთიანებასაც კი, რომელიც ექსპერტიზის ინიციატორი იყო არ აძლევს გასაცნობად დოკუმენტს, მასში აღნიშნული ხარვეზების და მათი გამოსწორების გზების შესახებ. პროფკავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ დასკვნა შესაძლოა იყოს მძიმე და საჭიროებდეს დიდ და ხანგრძლივ ინვესტიციას, იმისთვის რომ ტყიბულში შრომა გახდეს უსაფრთხო.

არსებული ფაქტორების მიუხედავად, ვფიქრობთ გამოსავალი არსებობს – უნდა მოხდეს შახტების გარკვეული ნაწილის ავტომატიზება, იქ კი სადაც ადამიანებმა ფიზიკურად უნდა იმუშაონ რისკები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ტყიბულისთვის აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელია ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა. ქალაქ ტყიბულს თავისი შრომითი და ადამიანური რესურსით აქვს პოტენციალი განავითაროს სხვა ტიპის ბიზნესებიც, რისი ალტერნატივაც სამწუხაროდ ჯერ ჯერობით არ ჩანს.
ფაქტი ფაქტად რჩება, ინვესტორი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს კომპანია და სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს ახალი პასუხისმგებლიანი ინვესტორის შესვლა ტყიბულში, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას შახტებში მუშაობის განახლების, უსაფრთხო შრომისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.

პროფკავშირები პროტესტის სოლიდარული იყო პირველი დღიდანვე და დარჩება ბოლომდე, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მასში ჩავერთოთ ყველა სტრუქტურით ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხევაში საპროტესტო აქციებს შევუერთდეთ არა მხოლოდ ტყიბულში არამედ პროტესტი გავაგრძელოთ თბილისში “GIG ჯგუფი”-ს ოფისთან.

პროფკავშირების გაერთიანება თხოვნით მიმართავს პრემიერ მინისტრს, როგორც სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით, რათა პასუხი გაეცეს საქართველოს პროფკავშირების ინიციატივებს, როგორც უსაფრთხო შრომასთან ასევე მეშახტეების სოციალურ გარანტიებთან, მათ შორის საპენსიო ასაკის შემცირებასთან, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებასა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ტყიბულში

 

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/497131274444687/?v=497131274444687