მიმდინარეობს საიტის განახლება

სპეციალური განცხადება სომხეთ-აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება,  მისი მრავალეროვანი  წარმომადგენლობით, რომელთა  რიცხვში არიან, როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი პროფკავშირის წევრები, შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ჩვენს მეზობელ და  მოძმე ქვეყნებში – სომხეთსა და აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს.
 
ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მძიმეა არასამართლიანი ომი უთანასწორო საომარი მოქმედებებით, წართმეული ტერიტორიებით მიყენებული ტკივილითა და მისგან გამოწვეული დანაკარგით, ზარალითა და მწუხარებით. 
 
პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა შრომითი და ყველა ფუნდამენტური უფლებების დამცველი და ქომაგი ორგანიზაციის ვალია – მოვუწოდოთ ჩვენს მოძმე სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობას, რომ საომარმა მოქმედებებმა, ხალხთა და ქვეყნების დაპირისპირებამ მხოლოდ დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოუტანოს ორივე ქვეყანას.
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს ჩვენს ძმებს და დებს, თავისი ქვეყნის ხელისუფალთა ყურადღება მიაპყრონ იქითკენ, რომ ომი არ არის პრობლემის მოგვარების საშუალება, ის მხოლოდ ანგრევს და ანადგურებს, როგორც ადამიანების ფსიქიკას, ისე ქვეყნისა და მთლიანად კავკასიის მომავალს. მოვუწოდებთ სომხეთის და აზერბაიჯანის პროფკავშირებს, მხარი დაუჭირონ და ყველანაირად ხელი შეუწყონ დიალოგს, მოლაპარაკებებს, რომელიც თავიდან აგვაცილებს  რეგიონში ფართომასშტაბიან დაპირისპირებას და არ გადააქცევს ჩვენს სამეზობლოს ბრძოლის ველად.
 
ჩვენ გვინდა მშვიდობიანი კავკასია, ყოველგვარი საომარი კონფლიქტის გარეშე.
 
21-ე საუკუნეში შეუძლებელია მშვიდად უყურებდე ერთიან კავკასიურ ოჯახში როგორ იღუპებიან უდანაშაულო ბავშვები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ინგრევა ქვეყნის მომავალი იმ დროს, როდესაც მოლაპარაკების მნიშვნელობას ამ გზით მიღწეულ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.  
 
გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას – საომარი კონფლიქტის ორივე მხარის სამშვიდობო ფორმატში მოლაპარაკების ადგილად თბილისის შეთავაზების შესახებ.
 
ერთად მშვიდობიანი კავკასიისათვის!