,,სოციალური დიალოგის მექანიზმების გაძლიერება – პარტნიორობა ყველა დონეზე“

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქობულეთში, სასტუმრო ,,სოლიდარობის“ საკონფერენციო დარბაზში, ქართულ-ნორვეგიული ერთობლივი პროექტის: ,,სოციალური დიალოგის მექანიზმების გაძლიერება – პარტნიორობა ყველა დონეზე“ ფარგლებში, უპრეცენდენტო ფორმატის სასწავლო კურსი მიმდინარეობს, რომელშიც დამსაქმებელი კომპანიის შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სასწავლო კურსი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღანელის თამარ ჭიპაშვილის და პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების თავმჯდომარის ილია ვერძაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

სოციალური დიალოგისა და შრომითი დავების მოწესრიგების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის წარმომადგენელმა კინან ბაჰნასიმ, რომელიც სემინარში მონაწილეობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, თამაზ დოლაბერიძის მოწვევით.

პროექტი, რომელიც 2019-2020 წლების განმავლობაში, სოციალური დიალოგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით განხორციელდება, დაფინანსებულია ნორვეგიული პროფკავშირის Industri Energi-ს მიერ. პროექტი ასევე მხარდაჭერილია გლობალური პროფკავშირის Industriall Global Union-ის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ.

პროექტით გათვალისწინებული შემდეგი აქტივობა – ,,მრგვალი მაგიდა“, გაიმართება 2019 წლის 16 სექტემბერს და მასში პროფკავშირისა და კომპანიის ხელმძღვანელების გარდა მონაწილეობას მიიღებენ დამსაქმებელთა ასოციაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდა წარიმართება ნორვეგიული პროფკავშირის Industri Energi-ს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ოლე-კრისტიან პაულსენის მოდერატორობით. აღნიშნული აქტივობის მიზანი გახლავთ სოციალურ პარტნიორებს შორის დარგობრივი სატარიფო შეთანხმების დადების შესაძლებლობის მოსინჯვა.