სლოვენიის ყოფილმა პრეზიდენტმა დანილო ტურკმა და საქართველოს პროფკავშირების ლიდერებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
შეხვედრა პროფკავშირების გაერთიანებაში მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა და დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი და ექსპერტი, ამავე დროს წარმოადგენს „მადრიდის კლუბს“ (Club de Madrid), რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ქვეყანათა დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ფორუმს და რომელის წევრებად დღეს გვევლინება სხვადასხვა ქვეყნის 95 ექს-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
შეხვედრისას, სლოვენიის ყოფილი პირველი პირი და ახლა უკვე საერთაშორისო მრჩეველი, დაინტერესდა საქართველოს პროფკავშირების წინაშე მდგარი გამოწვევებით და ხელისუფლების (როგორც წინა, ისე მოქმედი პოლიტიკური ძალის) დამოკიდებულებით პროფკავშირების საქმიანობის, აგრეთვე მედიაციის, როგორც შრომითი დავების გადაჭრის ინსტრუმენტის მიმართ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან დანილო ტურკმა მიიღო ინფორმაცია და კონკრეტული მაგალითები თუ რამდენად ზედაპირულია საქართველოში ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად სოციალური დიალოგის და მისი წარმოების პროცესის მიმართ.
ბ-ნი ტურკი დაინტერესდა პროფკავშირების საერთაშორისო კონტაქტებით და თანამშრომლობით. აღინიშნა, რომ მრავლისმეტყველია ის გარემოებებიც, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დღეს პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად და ამავდროულად პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაა არჩეული. მისი განცხადებით, ეს მეტყველებს თუ რამდენად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და ავტორიტეტი აქვთ საქართველოს პროფკავშირებს.
მხარეებმა ცალკე აღნიშნეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიკაციის მნიშვნელობა და ქვეყანაში მათი სრულფასოვანი იმპლემენტაციის აუცილებლობა. ამ კუთხით, განიხილეს პროფკავშირების როლი და ხედვა საქართველოს მიერ 2017 წელს რატიფიცირებულ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 144-ე კონვენციის სრულფასოვან ამოქმედებასთან დაკავშირებით. ბ-ნი დანილო ტურკის განცხადებით, სლოვენიაში, ახლა, ისევე როგორც მისი პრეზიდენტობის პერიოდში (2007-2012), უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფკავშირების ჩართულობას სოციალური პოლიტიკის განსაზღვრის და სამმხრივი დიალოგის პერმანენტული წარმოების საკითხში.
სლოვენიის ექს-პრეზიდენტთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ „მადრიდის კლუბის“ -წარმომადგენლები ლეონ ჰემკემეიერი და ტამარა ელ ქური. სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი საქართველში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგისა ცენტრის (EMC), პროექტის INSPIRED+ Georgia-ს ფარგლებში იმყოფება. საავტორო მოხსენება თემაზე: „სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობა და სახელმწიფოს როლი მის მხარდაჭერაში“ – მან თბილისში გამართულ კონფერენციაზე წაიკითხა.