პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია შსო-ის მშრომელთა აქტივობების ბიუროს დირექტორს მარია ჰელენა ანდრეს შეხვდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, წვერ ორგანიზაციებთან ერთად, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 112-ე ყოველწლიურ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. პროფკავშირების მხრიდან დელეგაციას წარმოადგენს: გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი, მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ბესიკ ხარატიშვილი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – თემურ სურამელაშვილი, მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე – შოთა ჯავახაძე.

კონფერენციის ფარგლებში, პროფკავშირების დელეგაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან და ქვეყნების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. მათ შორის, 12 ივნისს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს (ACTRAV) დირექტორს მარია ჰელენა ანდრეს შეხვდა.

შეხვედრაზე, მარია ჰელენა ანდრემ აღნიშნა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება წარმოადგენს რეგიონში მოწინავე, მაგალითის მიმცემ ორგანიზაციას, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების დანერგვა-დამკვიდრებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. ასევე,  აღნიშნა ის წარმატებები, რასაც პროფკავშირების გაერთიანებამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით ეროვნულ დონეზე მიაღწია – შრომის ინსპექციის შექმნა, შრომის კანონმდებლობის დახვეწა და ა.შ. ასევე, ყურადღება გაამახვილა შსო-ს სტანდარტების კომიტეტზე, მე-100 კონვენციის – ,,ქალისა და კაცის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმატებული პოზიციონირების შესახებ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დიდი ძალისხმევა მიეპყროს როგორც ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობის აღმოფხვრის მიმართულებით, ასევე,  მინიმალური ხელფასის სტანდარტის დანერგვაზე მუშაობას. რაშიც  გაერთიანებას  სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს (ACTRAV) დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ სოციალური პარტნიორების –  საქართველოს მთავრობის, პროფკავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ, მალე მოეწერება ხელი საქართველოს ღირსეული შრომის პროგრამას, რამაც მომავალში საქართველოში ღირსეული შრომის სტანდარტების გაუმჯობესება უნდა განაპირობოს.

 

 

მარია ჰელენა ანდრემ წარმატებები უსურვა პროფკავშირების გაერთიანებას ევროკავშირის პროფკავშირებში (ETUC) გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ პროფკავშირებისთვის და მათი წევრებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.