შემზარავი ტრაგედია ქედაში

პროფკავშირების შეფასებით ქედაში დატრიალებული ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა!

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში შემზარავი ფაქტი მოხდა – ქვის კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოებს 2012 წელს დაბადებული გიგა ოსანაძე ემსხვერპლა, რომელსაც აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი ქვა თავში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფეთქების მომენტში გიგა ოსანაძე საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს სხვა საცხოვრებელმა სახლებმაც, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მდებარეობენ.

აღნიშნულ კარიერზე სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე კონტრაქტორი კომპანიები – შპს „ალბაირაქი”-ს და შპს ,,დინამიტი-ლ.დ” აწარმოებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გამოსარკვევია, ჰქონდა თუ არა სამუშაოს მწარმოებელს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელების ნებართვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შეფასებით მომხდარი ფაქტის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის დეპარტამენტის შეფასებით დარღეულია საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 432-ე დადგენილებით არის დამტკიცებული.

რეგლამენტის მიხედვით საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე, ოპერატორი კომპანიის სამთო-გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ აფეთქების ეპიცენტრი და მიმდებარე ტერიტორია, შეადგინონ აფეთქების სქემა და მის საფუძველზე უნდა შექმნან აფეთქების პასპორტი, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები: მოსაპოვებელი მადნის რაოდენობის, ადგილმდებარეობის, ლანდშაფტისა სხვა ლოკალური სპეციფიკების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ფეთქითი მასალის ტიპი, რაოდენობა და ფეთქითი მასალის მოთავსების ღრმულის სიღრმე. ასევე უნდა განისაზღვროს მუხტის სიმძლავრე, აფეთქების შედეგად დაშლილი სამთო მასის გატყორცნის მიმართულება და აფეთქების მომენტში დასაქმებულთა განლაგების უსაფრთხო პოზიციები მანძილის მითითებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც აფეთქების ეპიცენტრთან საშიშ დისტანციაზე დასახლებული პუნქტი ან სხვა დანიშნულების ობიექტებია, სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა შემცირებული იქნას დაშლილი სამთო მასების გატყორცნის მანძილი.

მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ ოპერატორი კომპანიის მიერ დაირღვა ზემოთხსენებული პარამეტრების ნაწილი ან საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული რეგლამენტი.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი დააკავეს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ბოლომდე დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და იმედს იტოვებს, რომ შსს-ს მიერ მოკვლეული იქნება უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზთა ყველა დეტალი, რაც მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წარმოშობს.