პროფკავშირებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია გამართეს. მოთხოვნა უცვლელია – გაიზარდოს ხელფასები და მოხდეს მათი შრომის ღირსეულად დაფასება.
ექიმები და მძღოლები აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტრომ ის დანამატიც მოუხსნა, რაც კოვიდპანდემიის პირობებში დაენიშნათ და დაპირების მიხედვით კოვიდის დასრულების შემდეგ ხელფასებში უნდა ასახულიყო. ახლა კი სამინისტრო ამ სექტორში დასაქმებულებს იმ საპილოტე მოდელზე გადასვლას სთავაზობს, რომელიც 12 საათიან გრაფიკს გულისხმობს. თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ ბრიგადების შემცირებას გამოიწვევს, რაც მოსახლეობაზე ცუდად აისახება. კერძოდ, გაიზრდება გამოძახებებზე მისვლის დრო.
აქციის ორგანიზებისა და სამინისტროსთან მოლაპარაკებების პროცესში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებს დახმარება სთხოვეს. პროფკავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს წევრი დარგობრივი ორგანიზაციებისა და თითოეული პროფკავშირის წევრის მხარდაჭერას და მზად ვართ გვერდით დავუდგეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით, მათ შორის სამართლებრივით.