მიმდინარეობს საიტის განახლება

სასამართლომ ლაგოდეხის მერიის ბრძანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის გათავისუფლების თაობაზე ბათილად ცნო

ლაგოდეხის მერმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (რომელიც მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებს) დირექტორი სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად, გათავისუფლებულის ყოფილი მძღოლი დანიშნა. (ბრძანება 12.11.2021წ. გამოიცა).

ამასთან, დასაქმებულს არც კუთვნილი ხელფასი გადაუხადა.

ყოფილი დირექტორის განცხადებით, მერმა ჯერ განცხადების დაწერა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მოკვლევის საფუძველზე მოვალეობათა უხეში დარღვევის მიზეზით ბრძანება ოფიციალურად ჩააბარა.

გათავისუფლებული დარწმუნებული იყო, რომ სამსახურიდან დათხოვნის რეალური მიზეზი  მისი  მხრიდან სხვადასხვა საკითხზე,  მათ შორის, პანდემიის პერიოდში ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვასთან,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული თანხების თანამშრომლებზე განაწილებასთან და თანამშრომლებისთვის  ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით  დაფიქსირებული განსხვავებული მოსაზრებები იყო.

გათავისუფლებულმა დირექტორმა დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მომართა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაერთიანების იურისტმა სერგო მახარაძემ უმოკლეს დროში მოამზადა სარჩელი და სასამართლოს მიმართა.

სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში, ყოფილი დირექტორი გარდაიცვალა და საქმეში  მისი უფლებამონაცვლე ჩაერთო.

სასამართლომ ლაგოდეხის მერიის ბრძანება ა(ა)იპი ,,საზოგადოებრივი   ჯანდაცვის სამსახურის“ დირექტორის გათავისუფლების თაობაზე ბათილად ცნო და ა(ა)იპი ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს“ სახელფასო დავალიანების, მისი ანგარიშსწორების დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს და გათავისუფლების დღიდან გარდაცვალების დღემდე (დროის პერიოდის ხელფასის შესაბამისი) კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქმეში,  ასევე, აქტიურად იყო  ჩართული საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირი.