ქუთაისში სამშენებლო ობირტქტებზე ჩატარებული შრომის ინსპექტირებისას პროფკავშირებმა მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინეს.
ერთ-ერთ მშენებლობაზე პირველადი დასკვნით გამოვლინდა, რომ ობიექტზე მომუშავე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი სამუშაო სპეც. ფორმით, სამშენებლო ობიექტის პერიმეტრი არ არის დაცული შესაბამისი და დამცავი ინფრასტრუქტურით (მოაჯირები, ბადეები), რაც საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა ანა ჩაფიძემ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოხდა კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, წერილით მიმართა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მან მოითხოვა, საქართველოს მთავრობის N 477ე მე–2 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მოახდინონ სწრაფი და ეფექტური კანონისმიერი რეაგირება და შესაბამისად, აღმოიფხვრას არსებული დარღვევები სამშენებლო ობიექტზე.
შემდეგ ობიექტზე კომპანიასთან თანამშრომლობით მოხდა ინსპექტირების ჩატარება, რაც მისასალმებელია. „დეველოპერ ვესტ გრუპის წარმომადგენლებთან ერთად დათვალიერებული იქნა ობიექტის გარე და შიდა პერიმეტრი. სამშენებლო ობიექტზე გამოვლენილი იქნა შრომის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა. აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად კომპანიას მიეცა რეკომენდაციები, რომლის აღმოსაფხვრელად მათ გამოთქვეს მზაობა. რეკომენდაციების შესრულების ვადა განისაზღვრა ერთი თვით.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში სიტუაცია სამშენებლო ობიექტებზე, უსაფრთხობის დაცვის თვალსაზრისით, შედარებით გაუმჯობესდა, იგივეს ვერ ვიტყვით სხვა ქალაქებზე. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში არსებული სამშენებლო რეგულაციები, რომელმაც თბილისში სიტუაცია გამოასწორა, გავრცელდეს მთელს საქართველოზე.
შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება 11-12 სექტემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის ინსპექტორმა პაატა ნინუამ და ამავე ორგანიზაციის იურისტმა ანა ჩაფიძემ ჩაატარეს.