ეფექტური კომუნიკაციის უნარები პროფკავშირებისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია პროფკავშირების გამოწვევებზე და კომუნიკაციის საკითხებზე თბილისში სპეციალურ კონფერენციას მართავს.
შეხვედრა ორ ნაწილად იყოფა. პირველი ფაზა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებისთვის უახლესი საკომუნიკაციო ტენდენციების გაცნობას, მათ წინაშე არსებული გამოწვევების წარმოჩენას და დისკუსიების გამართვას ისახავდა მიზნად, მეორე ფაზა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 10 ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდას, დაგროვილი გამოცდილებების გაზიარებას, პრობლემების წარმოჩენას და სოციალური და შრომითი კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვას დაეთმობა.
მსჯელობის საკითხებს შორისაა პროფკავშირების მომავალი ევროპაში, არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები და საერთო ამოცანები. განხილვის თემებია არაფორმალურ და ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულთა ბედი, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სამმხრივი დიალოგი, კოლექტიური მოლაპარაკებები და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.
შეხვედრას უძღვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია, კომუნიკაციის და საზოგადოებრივი ინფორმაციის ოფიცერი მამადუ სუარე. პრაქტიკულ ტრენინგს ატარებენ პროფკავშირის კომუნიკაციის ექსპერტები ვასილე სიოარიჩი და შსო-ს საოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი ოლგა ბოგდანოვა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელმაც აქცენტი გააკეთა მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ქვეყნებში პროფკავშირების როლზე, აგრეთვე მისი მნიშვნელობის წარმოჩენაზე. შსოს მშრომელთა აქტივობების ბიუროს ევროპის და ცენრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგიულს გლოვაცკასმა რეგიონში შრომით სფეროში არსებული ვითარების მიმოხილვა გააკეთა.
კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს პროფკავშირებთან თანამშრომლობით იმართება. იგი თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ ში 21 დეკემბრაამდე გაგრძელდება