მიმდინარეობს საიტის განახლება

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს “რუსთავის ფოლადში” მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული ა.წ.-ს ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე 2020 წლის მარტის თვიდან დასაქმებული იყო შპს “რუსთავის ფოლადში” მძღოლის პოზიციაზე. მანქანა, რომლითაც ის მუშაობდა იყო გაუმართავი და ამის თაობაზე ცნობილი იყო ხელმძღვანელობისთვის. მას არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია ავტომანქანის გაუმართავობასთან დაკავშირებით, კერძოდ მანქანის ჩარჩო (ე.წ. რამა) იყო სამ ადგილას დაზიანებული და რისკი იმისა, რომ მანქანას შესაძლოა ვეღარ გაეძლო დატვირთვისათვის ყოველთვის არსებობდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თხოვდნენ მუშაობის გაგრძელებას (წინააღმდეგ შემთხვევაში კი უთითებდნენ, რომ შეეძლო საკუთარი ნებით წასულიყო სამსახურიდან), ხოლო მისთვის ხელფასის იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო და იიმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, აგრძელებდა მუშაობას მითითებული ავტომანქანით.

2020 წლის აგვისტოს თვეში სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო გათავისუფლებულის მოვალეობის შესრულებისას ჯართის გადატანის და ჩამოტვირთვის დროს დაზიანებულმა მანქანამ ვეღარ გაუძლო ტვირთის ჩამოცლას. ტვირთის ჩამოცლის დროს, ისედაც დაზიანებული ჩარჩო (ე.წ. რამა) გატყდა და მანქანა გადმოტრიალდა. აღსანიშნავია, რომ მანქანის ჯართის დატვირთვას მოსარჩელე არ ახოციელებდა, მის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ მანქანის ძარის დატვირთვისთვისა და ჩამოტვირთვისათვის შესაბამის პოზიციაში განთავსება. მანქანა ხელმძღვანელობის მითითებისამებრ ყოველთვის იტვირთებოდა დასაშვებზე მეტი ოდენობით.

„- მე, საბედნიეროდ, შევძელი მანქანიდან გადმოხტომა, რის დროსაც კარი დამრჩა ღია. თუმცა, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, საფრთხე შეექმნებოდა ჩემს ჯანმრთელობას და უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს. აღნიშნულ პროცესში მხოლოდ მცირედი დაზიანება მივიღე ფეხზე.”

“აღნიშნულის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარში ჩემი ბრალეულობა არ იყო იძულებული გავხდი შემეკეთებინა სატრანსპორტო საშუალების კარი, ჩამომაჭრეს 1 თვის ხელფასი, გადამიყვანეს სხვა პოზიციაზე და დამიდეს 3 თვიანი მომსახურების ხელშეკრულება. მეც იძულებული ვიყავი სამსახურის დაკარგვის შიშის გამო არ ამომეღო ხმა, თუმცა რამდენიმე დღეში, მას შემდგომ რაც ხელი მომაწერინეს ყველა დოკუმენტს, გამანთავისუფლეს სამსახურიდან. „

მოსარჩელის ინტერესების დაცვა გააგრძელა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ.  სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა:  ურთიერთობის შრომით ურთიერთობად მიჩნევა ; შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევა;  სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა;  სამსახურში აღდგენა;  იძულებითი განაცდურის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

სასამართლო დავაში ჩართული იყო მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები. სასამართლოში ა.წ.-ს ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.