გუშინ, 7 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დარგობრივმა ორგანიზაციამ და პროფესიულმა გაერთიანებამ ღირსეული შრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მხარდაჭერით და ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით, ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციას ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ და ტყიბულელ მეშახტეებთან ერთად გააპროტესტეს ხელისუფლების მხრიდან, სოციალური შეღავათების დაწესების, კერძოდ: მეშახტეების და მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებისა და საპენსიო ასაკის შემცირების საკითხის იგნორირება.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ტყიბულში იძულებითი შრომის გარემოს გაპროტესტება იყო.
როგორც ცნობილია, დამსაქმებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ოქტომბრის თვიდან იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას ვეღარ გასცემს თუ მთავრობა ნახშირმოპოვების გაგრძელების საშუალებას არ მისცემს.
მეშახტეები აცნობიერებენ, რომ ინსპექტირების დასრულებამდე შახტაში მუშაობა სასიცოცხლო რისკების შემცველია, თუმცა ამავე დროს ამბობენ, რომ: ,,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მშიერი მოვკვდებით თუ შახტაში დავიღუპებით”-ო.
მეშახტეები ითხოვენ: ,,შესრულდეს პრემიერ-მინისტრის მიერ 16 ივლისს გაცემული დაპირება და ანაზღაურება იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე გაიცეს”.
აქციის დაწყებამდე მეშახტეებმა საერთაშორისო სოლიდარობა გამოუცხადეს კომპანია ,,SHELL”-ის პროფკავშირს არასტანდარტული დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარდამჭერი პლაკატებით ფოტოები გადაიღეს.
7 ოქტომბერს – ღირსეული შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირთან ერთად, აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდულის აქტივისტებმა, ქარხანაში დასაქმებულებს აჩვენეს ფილმი “ცეზარ ჩავესი”, რომელიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის მხარდაჭერით არის გახმოვანებული.
ფილმი მოგვითხრობს, ამერიკელი უფლებების დამცველისა და მუშათა სოციალური უფლებების დამცველის შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ფილმისა ის არის, რომ ფილმში გაფიცული მუშები პროტესტის ნიშნად გამართავენ მარშს, აგარის ქარხნის მუშების მსგავსად.
აჭარის პროფკავშირებში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს შრომის დღე ჩატარდა განსხვავებულ ფორმატში. ამ დღეს ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N 34-ში 11 საათზე გაიხსნა ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, აჭარის პროფავშირების ყოფილი თავმჯდომარის შოთა ოქროპირიძის მემორიალური დაფა. შოთა ოქროპირიძის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბა აჭარის პროფკავშირული აქტივი, პროფკავშირული ვეტერანები, ახალგაზრდები, ოქროპირიძის ოჯახის წევრები და მეგობრები.
შოთა ოქროპირიძის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, დასაქმებულთა შრომითი და სამმართლებრივი უფლებების დაცვისათვის საუკეთესო მაგალითია დღევანდელი საქართველოს ყველა თაობისათვის.
შეგახსენებთ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ღირსეული შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა