მიმდინარეობს საიტის განახლება

,,ქუთექსის” თანამშრომელთა აქცია ქუთაისში

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ მათ მიერ 7 თვის წინ შეტანილი სარჩელების დროულად განხილვას და სამართლიანობის აღდგენას.

ტექსტილის კომპანია ქუთექსმა 2019 წლის ივლისის თვიდან მუშაობა შეწყვიტა და უარი თქვა დასაქმებულთა მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის, მათი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამჟამად, სასამართლოში ქუთექსის 84 თანამშრომელს სარჩელი აქვს წარდგენილი და 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ.

დასაქმებულები აცხადებენ, რომ სასამართლო დავის განმავლობაში შ.პ.ს. ,,ქუთექსის’’ ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, მოტყუებით ცდილობს გააკოტროს კომპანია და შუამავლების მეშვეობით თავადვე შეიძინოს სამკერვალო ფაბრიკის მოძრავი ქონება, რომელსაც ამჟამად დასაქმებულთა სასარგებლოდ ყადაღა ადევს. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში კი, ტექსტილის კომპანიის თანამშრომლები სახელფასო ანაზღაურების დავალიანების ამოღების პრაქტიკული შესაძლებლობის გარეშე რჩებიან.

ამ გეგმის განხორციელებას ხელს უწყობს ისიც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ,,ქუთექსის’’ წინააღმდეგ სხვა მოსარჩელეების დავა, უჩვეულოდ სწრაფად დასრულდა, ხოლო მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება ,,ქუთექსმა’’ არც კი გაასაჩივრა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ,,ქუთექსი’’ დაინტერესებულია სასამართლოში თანამშრომელთა დავის გადაწყვეტამდე დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცესი და ფაბრიკის მოძრავი ქონება, აუქციონზე არაადეკვატურად იაფად თავადვე შეიძინოს.

დასაქმებულები აცხადებენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათი სარჩელების განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება და მოსარჩელეთა შუამდგომლობებზე რეაგირების არ მოხდენა, ხელს უწყობს ,,ქუთექსის’’ კულუარული გეგმის განხორციელებას. ეს ყოველივე ქუთექსის თანამშრომლებს უჩენს მრავალ ლეგიტიმურ კითხვას, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან სხვაგვარად დააჩქაროს პროცესი. საყურადღებოა ისიც, რომ სხვა მოსარჩელემ ,,ქუთექსის’’ წინააღმდეგ დავა 3 თვეზე ნაკლებ დროში დაასრულა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ქუთექსის თანამშრომლები მიმდინარე აღსრულების პროცესის შეჩერებასა და მათი სარჩელების დროულ განხილვას ითხოვენ.