ეს სწორედ ის ქარხანაა 2011 წლის სექტემბერში რომ მეტალურგთა კანონიერი გაფიცვა პოლიციამ არაპროპორციული ძალით დაარბია. მაშინ ქარხანას ,,ჰერკულესი” ერქვა და შპს ,,ევრაზიანსტილსი” ოპერირებდა.
ამჟამად ქარხანაში 200-ზე ოდნავ მეტი საქართველოს და 60-მდე ინდოეთის მოქალაქე მუშაობს.
გაფიცულები ამბობენ: ,,ათი თვე კონტრაქტების გარეშე გვამუშავეს, ეხლაღა მოგვიტანეს კონტრაქტები და მხოლოდ ჩვენი ვალდებულებები წერია. ხელფასი დაბალია, სასადილო არ გვაქვს, ტუალეტი არ გვაქვს, ზეგანაკვეთურ საათებს გვამუშავებენ და არ გვინაზღაურებენ, შრომითი კოლექტივის ტრანსპორტირების ორგანიზებას არ ახდენენ”.
თამაზ დოლაბერიძე – (საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი) – ,,როგორც ხედავთ 2011 წლის შემდეგ ამ ქარხანაში არაფერი შეცვლილა ოპერატორი კომპანიის გარდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად არის დაურეგულირებელი შრომითი ურთიერთობები საქართველოში, მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა. კიდევ ერთხელ ხდება ცხადი რამდენად არის საჭირო შრომის ინსპექცია შრომით-სანართლებრივი საკითხების მონიტორინგის უფლებით. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუძემდებლური 87-ე კონვენცია ასოციაციის თავისუფლების შესახებ, ირღვევა ყოველი ფეხის ნაბიჯზე”.
ქუთაისელი მეტალურგების გაფიცვის პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის წარმომადგენლობა და გაფიცულებს სრულ იურიდიულ კონსულტაციას უწევს.
გაფიცულების მოსანახულებლად ხვალ დილით ჩავლენ ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის პროფკავშირის ლიდერები და აქტივისტები.