პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, რეგიონული ინიციატივების ცენტრის, სახალხო დამცველის, შრომის ინსპექციის, არასამათვარობო სექტორის, მედიისა და გენდერის მიმართულებით მომუშავე წარმომადგენლობების ჩართულობითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, ქუთაისში, ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, შედეგებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მათ შორის, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
• ქალთა მიმართ ძალადობა სამუშაო ადგილებზე. როგორც სექსუალური, ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხასიათის;
• დეკრეტული შვებულება;
• ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა;
• ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობების ნაკლებობა;
• სქესის, ასაკისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაცია;
• არაფორმალურის შრომა;
• საოჯახო შრომა;
• სამუშაოსა და ოჯახური ვალდებულებების შეთავსება;
• დასაქმების კუთხით, სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემები და გამოწვევები;
• ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობა და ა.შ
ღონისძიებას 10-მდე მუნიციპალიტეტის რეგიონული წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა. დაისახა სამომავლო გეგმები, როგორც თანამშრომლობის, ასევე, პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.
ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისა და მათ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროფკავშირები წლებია იბრძვის. ამ კუთხით, უშუალოდ პროფკავშირების ჩართულობით, არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია მიმდინარეობს. ეს კონკრეტული ღონისძიებაც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა.