მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა საქართველოს ფოსტას კიდევ ერთი სასამართლო დავა მოუგო!

სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტით “საქართველოს ფოსტიდან” უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის გუგული შამილიძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. საქართველოს ფოსტას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით 2017 წლის 1 აგვისტოდან ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა “საქართველოს ფოსტის” მენეჯმენტის უკანონო მოქმედება.

გუგული შამილაძე საქართველოს ფოსტაში 1990 წლიდან იყო დასაქმებული. 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში კურიერის თანამდებობაზე.

2017 წლის 8 მაისის წერილით დამსაქმებელმა შეატყობინა რომ სერვისების გაუმჯობესების და ფოსტის სწრაფად ჩაბარების მიზნით კურიერს უნდა ჰქონდეს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის წარსადგენად მას 1 თვის ვადა განუსაზღვრეს . გუგული შამილაძე მუშაობდა ხელვაჩაურში სადაც არ არის ავტოსკოლა, ამასთან მუშაობდა კვირაში 6 დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 6 საათამდე, ხოლო შაბათს 3 საათამდე. ამის გათვალისწინებით ბათუმის ავტო სკოლაშიც ვერ შეძლებდა სიარულს. 2017 წლის 28 ივნისს დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ ვინაიდან დასაქმებულმა არ წარადგინა A კატეგორიის მართვის მოწმობა ის გათავისუფლებულია სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” პუნქტის საფუძველზე (კვალიფიკაციის შეუსაბამობა).

ხელვაჩაურის სერვისცენტრში დასაქმებული იყო 3 კურიერი. 2 ქალი. ორივე დასაქმებულ ქალს მოსთხოვეს 1 თვის ვადაში აეღო „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა, მაშინ როდესაც იმავე სერვისცენტრში დასაქმებული კაცისთვის იგივე მოთხოვნა არ წაუყენებიათ.შესაბამისად – თუ „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელი იყო სერვისების გაუმჯობესებისთვის და გზავნილების სწრაფად ჩასაბარებლად, მაშინ ასეთი მოთხოვნა უნდა წაეყენებინათ ყველა კურიერისთვის, როგორც იმავე სერვისცენტრში, ასევე საქართველოს ფოსტის სხვა სერვისცენტრებშიც.

მოპასუხეს არ ჰქონდა იმის არგუმენტაცია თუ რატომ არ მოსთხოვა იმავე სერვისცენტრში დასაქმებულ კაცს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სხვა სერვისცენტრში დასაქმებულ კაცებს წაუყენეს იგივე მოთხოვნა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.

დისკრიმინაციის გამოსარიცხად მოპასუხემ წარმოადგინა ხელშეკრულებები მოპედების შესყიდვასთან დაკავშირებით და განმარტავდა, რომ მხოლოდ მოპედების მეშვეობით მოხდება კურიერების გადაადგილება. ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოს წარვუდგინეთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდიდან ამოღებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა დროს გამოცხადებული იყო ფეხით მოსიარულე კურიერის ვაკანსიები. შესაბამისად საქართველოს ფოსტის არგუმენტი, რომ მხოლოდ მოპედებით უნდა მოხდეს კურიერის გადაადგილება არ დასტურდებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ცნო საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი სქესის ნიშნით და მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა.

მოსარჩელეს ინტერესებს სასამართლოში პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების იურისტი ნინო განჯელაშვილი იცავდა. მას იურიდიული დახმარება გაეწია   პროექტის ,,სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისთვის შრომით უფლებებზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად” ფარგლებში , რომელსაც  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება  ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.