მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებმა საქართველოს ბანკს დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნო საქართველოს ბანკის ბრძანება თ.ს.-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

ბანკი თ.ს.-ს ედავებოდა ვალუტის კონვერტაციის წესის დარღვევასა და დარღვევით მიღებული თანხის სხვაობის მითვისებას. ბანკი თავის მოთხოვნას ძირითადად ამყარებდა ბუნდოვან ვიდეო ჩანაწერებსა და თ.ს.-ს  ე.წ. „აღიარებით“ ახსნა-განმარტებას. საგულისხმოა, რომ ბანკმა ახსნა-განმარტება დასაქმებულისგან არაკეთილსინდისიერი მეთოდებით, დამაშინებელი ინფორმაციის მიწოდებით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და წინასწარ შედგენილ ტექსტზე ხელის მოწერით მოიპოვა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ბანკმა ყველა შემდგომი მტკიცებულება მოარგო ახსნა-განმარტებას და ხელოვნურად, სადავო ფაქტებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ შექმნა სხვა, ვითომდა უტყუარი მტკიცებულებები.

მოგვიანებით საქმის სასამართლოში განხილვისას აღმოჩნდა, რომ ბანკს არ გადაუღია თ.ს.-ს მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებული ბანკის მხრიდან მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ მოქმედებებს უკავშირებდა მის მიერ დასაქმების პერიოდში ხშირ მივლინებებზე პროტესტის გამოხატვას.

სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა დასაქმებულის არგუმენტები და არ დააკმაყოფილა სარჩელი. საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას საქმე ფაქტობრივად ორჯერ განიხილა მოსამართლემ, ერთხელ გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპიდან საქმე დააბრუნა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, რადგან ვიდეო ჩანაწერის ბუნდოვანების გამო სასამართლო ვერ დარწმუნდა დარღვევის არსებობაში. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დასაქმებულის დასაბუთებული პრეტენზიები, გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნო სს საქართველოს ბანკის ბრძანება თ.ს.-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სს საქართველოს ბანკს დაეკისრა დასაქმებულისთვის 1 წლის პერიოდზე განაცდური ხელფასის გადახდა 8000 ლარის ოდენობით და გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

დასაქმებულის ინტერესებს სასამართოში იცავდნენ პროფკავშირების გაერთიანების იურისტები იურისტები ირაკლი მხეიძე, თამილა გაბაიძე და ადვოკატი კახა კალმახელიძე.