საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებმა შექმნილი პოლიტიკური ვითარება შეაფასეს და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.
პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით არსებული მდგომარეობის და პროფკავშირების მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, საჭიროა წევრთა შორის კონსესუსის მიღწევა, რათა არ მოხდეს ქვეყნისა და პროფკავშირებისთვის საზიანო არჩევანის გაკეთება.
ამისთვის 20 ნოემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, პროფკავშირების კულტურის ცენტრში, დაიგეგმა იმ ადამიანების შეკრება, ვინც ირაკლი პეტრიაშვილის და პროფკავშირების სხვა ლიდერების პოზიციებს იზიარებენ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა იმსახურებს ღირსეულ მომავალს, რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნებით კი ეს მომავალი მოისპობა. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ მმართველი პარტიის მხარდაჭერის მქონე კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
„ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით უარი წარსულზე და გვსურს ღირსეული მომავალი გვქონდეს, ხოლო რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ეს პერსპექტივა პრაქტიკულად მოისპობა.
ამავდროულად ვთვლით, რომ დღევანდელი არსებული სიტუაცია საჭიროებს ახალი რეალური პოლიტიკური ძალის შექმნას და ვთვლით, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობის დამკვიდრებას“, – განაცხადეს ბრიფინგზე ვიტალი გიორგაძემ .”