პროფკავშირების ავსტრიულმა სკოლამ მოსწავლეთა მეორე ნაკადის შემაჯამებელი კონფერენცია გამართა

პროფკავშირების ავსტრიულმა სკოლამ მოსწავლეთა მეორე ნაკადის შემაჯამებელი კონფერენცია გამართა და პროექტის ორწლიანი მუშაობა შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ორ წელიწადში  მომავალი 29 ლიდერი გადამზადდა, სპეციალურად მათთვის ორი წლის განმავლობაში ჩატარდა 87 ტრენინგი და თითოეულმა ჯგუფმა მოისმინა 187 საათიანი სალექციო კურსი.

ავსტრიული პროფკავშირული სკოლისთვის  მსმენელები შეარჩიეს პროფკავშირების სხვადასხვა დარგობრივმა ორგანიზაციებმა. ხოლო ტრენერები კი მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩნენ. მომავალი ლიდერებისთვის რამდენიმე სემინარი მოწვეულმა უცხოელმა ტრენერებმა ჩაატარეს.

კურსის შემაჯამებელ ცერემონიაზე მონაწილეებსა და ტრენერებს ავსტრიის სრულუფლებიანმა ელჩმა მიმართა. არად ბენკოს განცხადებით, აღნიშნული პროექტი პროფკავშირების მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი: ” ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სოციალური საკითხების და შრომითი პრობლემების გადაჭრისას აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში.  თქვენს მთავრობას უზარმაზარი ამოცანა აქვს ხალხის წინაშე, რათა გადაწყვიტოს სოციალური პრობლემები და განახორციელოს დემოკრატიული ცვლილებები.  ჩვენს ამ ტრანსფორმაციის საქმეში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.  სოციალური პარტნიორების მოდელი მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ ერთი გამორჩეული მექანიზმია, რომელიც ავსტრიასა და გერმანიაში სოციალური მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ვიმედოვნებ ყველა კურსდამთავრებული შეძლებს პროფკავშირული საქმიანობის მიზნების გათავისებას და განხორციელებას.”

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების  ვიცე პრეზიდენტმა ავსტრიულ მხარეს და პროექტის პარტნიორს – ფრიდრიხ ებერტის ფონდს იდეის ხორცშესხმისათვის მადლობა გადაუხადა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტიმ კურსდამთავრებულებს მოუწოდა მიღებული ცოდნა  გამოიყენონ საქართველოს პროფკავშირების გაძლიერებისათვის. მისი თქმით მსგავსი პროექტები გადამწყვეტია საქართველოს პროფკავშირების მომავლისთვის.

კურსდამთავრებულებს აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ნინო ტოგონიძემ.

ავსტრიის პროფკაშირების საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზეპ ვალ’შტრასერმა ორწლიანი პროექტი შეაჯამა და სკოლის გამართული მუშაობისთვის სკოლის მენეჯერის მაგდა მარუაშვილის წვლილზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა სკოლის საქმიანობის სპეციფიკაზე, მოდელზე და ამ მოდელის მნიშვნელობაზე. ასევე მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილესა და ტრენერს.

ავსტრიული პროფკავშირული სკოლის კურსდამთავრებულების მონაწილეობით განხრიციელებულ პროექტებთან დაკავშირებით სტუმრებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიგა ბექაურმა. აღსანიშნავია, რომ გადამზადებული ახალგაზრდების ნაწილი უკვე დასაქმებულია პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში და აქტიურ მონაწილეობას იღებს შრომითი უფლებების დაცვისკენ მიმართულ საქმიანობაში.

 

შეხვედრის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ