საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, სიღრმისეულად აცნობიერებს მთელს მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე მდგომარეობას და ეხმიანება შექმნილი სიტუაციის თანმდევი ეკონომიკური სირთულეების შედეგად, შრომითი ურთიერთობებში წარმოქნილ პრობლემებს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყოველგვარი პანიკის გარეშე ადამიანური და არა ცხოველური ინსტიქტებით, საერთო ძალისხმევით, დისციპლინით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით, ჩვენი გმირი ექიმების პროფესიონალიზმით მაქსიმალურად მცირე დროში შევძლებთ გავუმკლავდეთ შექმნილ მძიმე მდგომარეობას. რათქმაუნდა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მინიმუმ ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა მდგომარეობას, რომ ყოფილიყო გათვალისწინებული სხვადასხვა დროს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საკანონმდებლო ინიციატივები: უმუშევრობის შემწეობასთან, მოქალაქეების საარსებო მიმიმუმით უზრუნველყოფის აუცილებლობასთან, სოციალური დაზღვევის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით და „სანთლები“ არ გვენთო ნეოლიბერალური უტოპიური, უპასუხისმგებლო მოძღვრებისათვის, მაგრამ ახლა კრიტიკის დრო არ არის, ახლა საჭიროა სოლიდარობა, დისციპლინა და ურთიერთთანადგომა, რაც ისტორიულად ამ ქვეყნის მოქალაქეებს არაერთხელ გამოუვლენიათ საერთო საფრთხესთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღონ ორმხრივი მოლაპარაკებისა და დიალოგის შედეგად კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართული იქნება გარდაუვალი ზიანის მინიმალიზაციისკენ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ხდება დასაქმებულთათვის ხელფასების დაქვითვები, იძულებით შვებულებები, თვითიზოლაციაში მყოფი პირების სამსახურში გამოცხადების მოთხოვნა, სამსახურიდან გათავისუფლება, მათი სამუშაო დროის შემცირება, სამუშაოს მოცულობის შეცვლა და სხვა. სამწუხაროდ, არსებული ვითარება დღითიდღე მწვავდება. ამ მდგომარეობის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა რიცხვი კი კატასტროფულად მატულობს.
განსაკუთრებით მიუღებელია მსხვილი კორპორაციების, ბანკების, ფარმაცევტული ქსელების, სავაჭრო ქსელების და სხვა მაღალშემოსავლიანი ბიზნესის მცდელობა დასაქმებულთა ექსპლუატაციის ხარჯზე, მათი შემცირებისა თუ ხელფასის განახევრების გზით გავიდნენ კიდევ უფრო დიდ „ზემოგებებზე“.
შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სრულ უფასო მომსახურებას გაუწევს თითოეულ უფლება წართმეულ მოქალაქეს, ამასთანავე მოვუწოდებ დამსაქმებლებს, როგორც ძლიერ მხარეს შრომით ურთიერთობებში, ამ რთულ ვითარებაში, მაქსიმალურად შეინარჩუნოს დასაქმებულები, ხოლო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების მომენტში უზრუნველყოს თითოეული დასაქმებულის და მათი წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია თითოეული გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მხოლოდ დიალოგსა და კონსენსუსზე დაყრდნობით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დამსაქმებლის მხრიდან მიღებული ყველა გადაწყვეტილება იყოს უკიდურესად აუცილებელი, ხოლო შრომითი უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ჩარევა იყოს შექმნილი ვითარების პროპორციული, არადისკრიმინაციული და მხარეებმა ბოროტად არ გამოიყენონ შექმნილი სიტუაცია.
მივმართავთ პროფესიული კავშირების 150 000-ზე მეტ წევრს და საქართველოში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, იყვნენ კონსტრუქციულები სოციალური დიალოგის მიმდინარეობისას და ორმხრივი დიალოგის რეჟიმში მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ თითოეული დასაქმებულის მიმართ ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ისევე, როგორც პირველად ჩვენი არსებობის მანძილზე დამსაქმებლებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მიმართაც, რომელიც ასევე უკიდურესად რთულ ვითარებაშია. ასევე, სასიცოცხლო და ვირუსთან ბრძოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია უმუშევრად დარჩენილი ჩვენი დების და ძმების , რომლებიც ბანკების მხრიდან ძარცვისა და ინფლაციის გამო არანაირ დანაზოგს არ ფლობენ მათი იდენტიფიცირება და სიცოცხლისთვის აუცილებელი მიმიმუმით უზრუნველყოფა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამ კრიზისულ პერიოდში, სრულ ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას, ამასთან ერთად, ვიტოვებთ იმედს, რომ კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეულ მოქალაქეს საარსებო მინიმუმით.
გამოვთქვამთ მზაობას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.
იქნება სოლიდარობა ყველაფერი გამოვა!
ირაკლი პეტრიაშვილი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე