საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან ბექა ფერაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ინსპექციის თანამშრომლები და პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები.
2021 წლის 1 იანვარს შრომის ინსპექცია დამოუკიდებელ ორგანოდ, სსიპ-ად ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა ამ საკიხს და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის დამოუკიდებელ ორგანოდ მუშაობა და უფლებამოსილების ზრდას პროფკავშირები უყურებს, როგორც საკუთარ მონაპოვარს.
აღსანიშნავია, რომ იქმნება შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭო, რომელიც გააძლიერებს პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ სრულყოფას.
პროფკავშირების ლიდერებმა დარგებში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. ორმხრივ შეხვედრაზე დისკუსიის რეჟიმში განიხილეს კომპანიების ინსპექტირების პროცესები, კოვიდ სიტუაცია და შრომის ინსპექციის რეაგირება ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და თემასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.