საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში კომპანია „საქნახშირი ჯი აი ჯი“ სიტემატურად, სხვადასხვა მეთოდით მოუწოდებს მეშახტეებს განაგრძონ შრომითი საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ მოცდენილი დღეების ანაზღაურებას, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ასევე ეწინააღმდეგება პრემიერის განცხადებას, შახტებში საქმიანობის შეჩერების შესახებ.
ვფიქრობთ, რომ პრემიერის განცხადება შახტების დახურვასთან დაკავშირებით მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული. პროფკავშირების გაერთიანებამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 6 აპრილს მიმართა მთავრობას, (მიმართვა შეგიძლიათ ნახოთ აქ) დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო შახტებზე სამუშაოები და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე განხილული ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯები შახტების რეაბილიტაციის ან/და ტყიბულში ალტერნატიული ეკონომიკური სექტორების განვითარების პერსპექტივების შესახებ. სამწუხაროდ , მთავრობამ აპრილის თვეში ეს არ გაიზიარა.
მოვუწოდებთ კომპანიის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დასაქმებულებზე ზეწოლა და შეაჩეროს შახტებზე ყოველგვარი საქმიანობა, ვიდრე არ დაიდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექპერტების დასკვნა. ამ პერიოდში იქ დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ იძულებითი მოცდენის სრული ანაზღაურებით, რაც აუცილებლად დოკუმენტალურად უნდა დადასტურდეს.
მოვუწოდებთ პრემიერ მინისტრს დაუყონებლივ მოიწვიოს სამხრივი კომისიის სხდომა, სადაც დაჩქარებულ რეჟიმში განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში დავაყენეთ დღის წესრიგში.