მოდელების პროტესტმა შედეგი გამოიღო – საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად პროფკავშირები შექმნეს და პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარებით სააგენტოებს მათი შრომითი ხელშეკრულებების პირობების გადახედვა მოუხდათ.
ევროკავშირის პროექტის – „თანასწორი ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში“ მხარდაჭერით, მოდის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირების დაფუძნებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ თუ კი აქამდე მოდის სფეროში დასაქმებულებმა საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ და შესაბამისად, მომართვიანობაც არ ფიქსირდებოდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. რაც მთავარია, მათთვის პრობლემური საკითხები მათსავე სასარგებლოდ წყდება.
„მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომით უფლებებზე საუბარი პირველად და ღიად, შარშან გაზაფხულზე დაიწყო. ეს იყო პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ამ სფეროში ორგანიზაცია შეიქმნა. პრეზენტაცია განხორციელდა ევროკავშირის პროექტის – „თანასწორი ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში“ მხარდაჭერით და საბოლოო ჯამში, ერთგვარი გაუმჯობსება მათი უფლებების მდგომარეობს იმაში, რომ ნელ-ნელა სააგენტოებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ გდაეხედთ შრომითი ხელშეკრულების პირობებისთვის და აღარ გამოიყურება ისე კაბალურად, როგორც ეს იყო მანამდე. მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ორგანიზაცია და ეს საჯაროდ გაცხადდა, ძალიან ბევრმა მოდელმა დაიწყო თავისი უფლებების დასაცავად ბრძოლა. თუ კი წინა წლებში ასეთი მომართვიანობა ჩვენი ორგანიზაციის პრაქტიკაში ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, ახლა მომართვიანობა დღითიდღე მზარდია. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ საბედნიეროდ ვახერხებთ იმას, რომ პრობლემური საკითხი მათთვის სასარგებლოდ მოგვარდეს“ – განმარტავს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
„ევროკავშირი საქართველოსთვის“ მიერ მომზადებულ სტატიაში „კაბლური პირობები, რომლებიც პროტესტი შედეგად გადაიხედა – შრომითი უფლებების დასაცავად, მოდელებმა პროფკავშირები შექმნეს“ ნათლად არის წარმოჩენილი ის პრობლემები, რომელის მოდის ინდუსტრიაშია და ამავდროულად, რას აკეთებს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად პროფესიული კავშირების გაერთიანება.
მათთან საუბარში პროფესიით მოდელი ანნა გავა ყვება, რომ საკუთარი და მისი კოლეგების უფლებების დასაცავად ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის მაისში ერთ-ერთი მოდელი მოდის კვირეულის ორგანიზატორმა ჩვენებიდან იმ მიზეზით მოხსნა, რომ მან კომენდანტის საათის დროს მუშაობა გააპროტესტა და დამსაქმებელს ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოსთხოვა. პრობლემები იქამდეც მრავლად იყო, თუმცა მოდელებს ამ ყველაფერთან ინდივიდუალურად გამკლავება უჭირდათ და თანამოაზრეების გარეშე ხმის ასამაღლებლად, პირველ ეტაპზე, არც საკმარისად გამბედავები იყვნენ.
„შემდეგ, რამდენიმე გოგო გავერთიანდით. გვინდოდა, ჩვენი უფლებები დაგვეცვა და, ამ მიზნით, შესაბამისი პლატფორმა შეგვექმნა. მარტო ამ ყველაფრის ორგანიზება გვიჭირდა. მოგვიანებით, რამდენიმე ორგანიზაცია დაგვიკავშირდა და დახმარება შემოგვთავაზა. ამან პროცესი უფრო გაგვიმარტივა“, – ამბობს ანა, რომელიც ახლა უკვე „მოდის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირების“ თავმჯდომარეა.
„ევროკავშირი საქართელოსთვის“ მიერ მომზადებული ვიდეო და სტატის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის მიმართვის საფუძველზე შრომის ინსპექტირების სამსახურმა 2021 წლის დეკემბერში მოახდინა სამოდელო სააგენტოების ინსპექტირება დასაქმებულების/მოდელების შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის გახორციელების მიზნით.
ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ იქნა სამოდელო სააგენტოების მხრიდან შრომითი უფლებების მთელი რიგი სისტემური დარღვევები.
მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე პროფესიული კავშირების მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა.
შრომითი უფლებების, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების უხეში დარღვევისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო პროფკავშირებმა ათობით მოდელს გაუწია სამართლებრივი დახმარება.
პროფკავშირების დახმარებით არაერთმა მოდელმა შეძლო შეეწყვიტა სამოდელო სააგენტოებთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებდა კოლოსალურ (50 000 ლარიან) ფულად ჯარიმებს, მათ შორის არასრულწოვანი დასაქმებულებისთვის.