საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სახეზეა სისტემური პრობლემა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ორგანიზების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა მოდიოდა მეშახტეთა ნაწილის მხრიდან, ხელმძღვანელ პირთა ცვლილება ან მათი რაიმე სახით გადაჯგუფება არ შეიძლება ჩაითვალოს მომავალში საწარმოო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებად.
საწარმოში არსებული სისტემური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, აღმასრულებელი მექანიზმების არაეფექტურობით, საწარმო შემთხვევების კვლევისა და აღრიცხვიანობის პრაქტიკის მოშლით, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების არარსებობით, შრომის უსაფრთხოების მიმართ დანერგილი მანკიერი დამოკიდებულებით, დასაქმების ადგილების ალტერნატივის არარსებობით, მეშახტეთა შრომის ანაზღაურების მანკიერი სისტემით, და ა.შ. კვლავ ტოვებს მომავალში საწარმო შემთხვევების მოხდენის საფრთხეს, რაც საქართველოს პროფკავშირების აზრით დაუშვებელია.
დაუშვებელია ნახშირმოპოვების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ შაორის ბასეინზე ადგილი არ ექნება სეისმური და ტექნიკური მდგომარეობის სრულ შესწავლას, არსებული რისკებისა და საფრთხეების სრულ შეფასებას და სიღრმისეულ ცვლილებებს როგორც ნახშირმოპოვების მეთოდოლოგიის და შრომის დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვის, ასევე შრომის ორგანიზების კუთხით.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, მიუხედავად კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა – ხელმძღვანელ პირებად დანიშნოს მეშახტეთა გარკვეული ჯგუფის მიერ შეთავაზებული კანდიდატები, რჩება თავის პოზიციაზე და ძალაში ტოვებს ყველა მოთხოვნას, რაც მის მიერ არაერთხელ იქნა გაჟღერებული 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ:
1. მოხდეს 5 აპრილის და 16 ივლისის ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა;
2. განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება;
3. კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა;
4. ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი;
5. მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით;
6. პარალელურად მოხდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ტყიბულსა და მის შემოგარენში დასაქმების სხვა დარგებისა და სფეროების განვითარების მიზნით –
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ ტყიბულში არსებული მდგომარეობის რეალური გამოსწორება შეუძლებელია მთავრობის მიერ მძლავრი გადაწყვეტილებების მიღების გარეშე, შესაბამისად მიმდინარე პროცესზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას.