მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პირველი პროფკავშირული ყრილობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

1919 წლის 11-16 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ტფილისში გაიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების პირველი ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა გადამწყვეტი ხმით 182 და სათათბირო ხმით 16 დელეგატი, რომლებიც წარმოადგენდნენ თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ფოთის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, ოზურგეთის, ტყიბულის, ჭიათურის, ყვირილის, შორაპნის, სამტრედიის, ხაშურის, ბორჯომის, გორის, თელავის, სიღნაღის პროფკავშირელებს. იმ დროისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედი 87 პროფკავშირული ორგანიზაციიდან, რომელიც აერთიანებდა დაახლოებით 55 ათას პროფკავშირელს, ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 63 პროფკავშირული ორგანიზაცია. ყრილობას ესწრებოდნენ თბილისისი, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის საქალაქო პროფკავშირული საბჭოები, რკინიგზელთა და ფარმაცევტთა პროფკავშირული ცენტრები. პროფკავშირული ყრილობის 182 დელეგატიდან 134 იდგა სოციალ-დემოკრატიულ პლატფორმაზე, იყვნენ სხვა იდეური პლატფორმების წარმომადგენლებიც, მათშორის  6 დელეგატი ბოლშევიკურ პლატფორმას წარმოადგენდა.

საქართველოს პროფკავშირების პირველ ყრილობაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

ა) კავკასიის პროფესიული კავშირების სამხარეო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საანგარიშო მოხსენება;

ბ) მოხსენებები რეგიონებიდან;

გ) მოხსენება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობაზე;

დ0 მოხსენება ფასების ზრდისა და რეალური ხელფასისი შესახებ;

ე) მოხსენება შრომის ბაზრის სრულყოფის თაობაზე;

ვ) მოხსენება მიმდინარე მომენტზე და პროფკავშირების მუშაობაზე;

ზ) საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს არჩევნები;

თ) მოხსენება საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს ბეჭვდითი ორგანოს შესახებ.

პროფკავშირების ყრილობამ მოისმინა, განიხილა და დაამტკიცა სამუშაო დღისწესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. ყრილობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება პროფკავშირების შემდგომი ორგანიზების საფუძვლად ექცია საწარმოო პრინციპი.

პროფკავშირების ყრილობაზე დამტკიცდა საერთი წესდება, არჩეულ იქნა საქართველოს პრფესიული კავშირების ცენტრალური საბჭო 19 წევრისა და 8 კანდიდატის შემადგენლობით. ყრილობამ დაავალა ცენტრალურ საბჭოს პროფკავშირების ბეჭვდითი ორგანოს დაფუძნება.

ყრილობის დასრულების შემდგომ საქართველოს პროფკავშირების ცენტრალურმა საბჭომ აიჩია აღმასრულებელი კომიტეტი 7 წევრის შემადგენლობით, საქართველოს პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია სეით დევდარიანი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში ქართული პროფკავშირების პირველი ყრილობის გამართვა დიდი სოციალური მნიშვნელობის მოვლენა გახდა, რამაც დაადასტურა ქართველ პროფკავშირელთა არჩევანი ეღვაწათ რესპუბლიკაში მშრომელთა სამართლიანი ინტერესების წარმომადგენლობის, დემოკრატიული უფლებების, სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის კულტურის დასამკვიდრებლად.