მიმდინარეობს საიტის განახლება

პარლამენტთან უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველ და  ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ მშვიდობიან  აქციას გამართავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აქცია ფართომასშტბიანი იქნება.  ამასთან,  პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მოქალაქეებს გაერთიანებისა და საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეკრება იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი მოძმე ერის და არასდროს გადავუხვევთ დასავლურ კურსს.

„გავერთიანდეთ ყველა, ვინც ევროინტეგრაციის და უკრაინის სოლიდარობის მომხრეა. ახლა სწორედ ის დროა, როცა საზოგადოება ისეთი ერთიანი უნდა იყოს, როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რას საქმიანობთ, ან რა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ.  შევქმნათ ეროვნული თანხმობა და ერთობა, ვინც ასე ფიქრობს.

კიდევ ერთხელ  ვაგრძნობინოთ მეგობარ უკრაინას, ჩვენი მხარდაჭერა. ერთად ვუთხრათ უარი რუსულ აგრესიას და დავანახოთ დასავლეთს, რომ ევროინტეგრაცია ერის არჩევანია. რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ქმედება, სიტყვა ერთსულოვანი და ევროპული ღირებულებების სწრაფვისკენაა მიმართული. რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ერთად დავგმოთ: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, დიქტატურა, ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმი. მოდით პარლამენტის შენობასთან სამშაბათს, 29 მარტს, 16:00 საათზე. ერთად დავხაზოთ ევროპულ რუკაზე საქართველოს გზა და  დავანახოთ მსოფლიოს, რომ არსებობს საკითხები, რომლის ირგვლივაც ქართველებს ისევე შეუძლიათ გაერთიანება, როგორი ერთიანებიც რუსეთთან ბრძოლაში ახლა უკრაინელები არიან, მიუხედავად მათი იდეოლოგიური, თუ პოლიტიკური შეხედულებებისა“ –  განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სამძიმარს უცხადებს უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსული აგრესია მალე დასრულდება.

 

იხილეთ ირაკლი პეტრიაშვილის ვიდეომიმართვა