მიმდინარეობს საიტის განახლება

ორ დღეში მოგებული ორი სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ.ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხე შპს ,,ნეთ სითის“  მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი  3 თვის განაცდურის თანხის გადახდა. 

გ. ჯ.  2020 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მუშაობა შპს ,,ნეთ სითიში“ ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 01/09/2020წ.- 28/02/2021წ. (ჩათვლით).

მიუხედავად, მოსარჩელის მხრიდან შრომითი საქმიანობის ჯეროვანი შესრულებისა  – მოპასუხემ  2020წლის 7 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან  – 01/12/2020წ. გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ბრძანებაში არ მიეთითა გათავისუფლების რაიმე სამართლებრივი საფუძველი.

მოსარჩელემ იკითხა, ,,თუ რაში მდგომარეობს მის მიმართ ასეთი უმკაცრესი დისციპლინარული ღონისძიების – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოყენების მიზეზი, მოსარჩელეს გააჩნია საკრედიტო ვალდებულებები და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვევდა მისი კანონიერი უფლებების/ინტერესების დარღვევას“, რის პასუხადაც მოპასუხემ განმარტა: ,,მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავის საქმიანობას ჯეროვნად ასრულებდა იგი დამსაქმებელია და მას, როგორც ახლად შექმნილ კომპანიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს პირი სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტით, ასევე ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს მუშაკი სამსახურიდან;

რაც შეეხება მეორე სასამართლო დავას – თბილისის საქალაქო სასამართლოს 6 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ტ.ს.-ს მიმართ გამოყენებული დისციპლინარული სახდელის სახით ,,საყვედურის“ შეფარდების შესახებ ბრძანება,  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხე შპს ,,სოფლის  მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 წლის და 6 თვის ოდენობის კომპენსაციის თანხის – 15000 ლარის და გამოუყენებელი 24 დღის შვებულების თანხის  გადახდა.

ტ.ს. 2013 წლიდან  მუშაობდა შპს ,,სოფლის  მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიში”  დაცვის ჯგუფის უფროსის თანამდებობებზე.

მიუხედავად მოსარჩელის არაბრალეულობისა, მისი მრავალწლიანი კეთილსინდისიერი საქმიანობისა, ასევე  შრომითი ურთიერთობის უვადოობისა – მოპასუხემ მოსარჩელეს  ჯერ 02/07/2020წ.   ბრძანების საფუძველზე შეუფარდა დისციპლინარული სახდელი – ,,სასტიკი საყვედური“,  ხოლო 07/07/2020წ.ბრძანებით (ს.შ.კ-ის 37.1-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტზე მითითებით) იგივე უსაფუძვლო შემთხვევაზე  მითითებით შეწყვიტა მასთან უვადო  შრომითი ხელშეკრულება და გაათავისუფლა სამსახურიდან.

ორივე სადაო ბრძანების  საფუძველს წარმოადგენდა შიდა აუდიტის, მონიტორინგის და ობიექტების დაცვის სამსახურის უფროსის 29 ივნისით დათარიღებული მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად ორხევის ბაზის დაცვის ჯგუფის თანმშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტთან დაკავშრებით  5 ივნისს ტექნიკური კონტროლისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურში დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება.

მას შემდეგ, რაც მოსარჩელე არ დაეთანხმა შიდა აუდიტის, მონიტორინგის და ობიექტების დაცვის სამსახურის უფროსის  მოხსენებითი ბარათში მოცემულ გარემოებებს, მოსარჩელის მიმართ მოთხოვნილი იქნა  – საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ,,სამსახურიდან წასვლის თაობაზე  განცხადების დაწერა“  ან/და ისეთ ,,შეთანხმებაზე  ხელმოწერა“,  რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობის ვადა განისაზღრებოდა 2 თვით, ხოლო  ,,თუ მოსარჩელე არ დაეთანხმებოდა აღნიშნულს მაშინ მას იგივე საფუძველზე გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან.

მოსარჩელე  არ დაეთანხმა მის  მიმართ გაჟღერებულ და უსაფუძვლო ბრალდებებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ  არ  მოაწერა ხელი არც ,,განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე“ და არც ,,შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობის ვადა  განისაზღვრებოდა   2 თვით,  რის შემდეგაც მოპასუხემ გაათავისუფლა იგი სამსახურიდან.

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში პროფკავშრების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავს.