პროფკავშირების გაერთიანებამ ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების მოთხოვნით პარლამენტში ინიციატივა შეიტანა

პროფკავშირების გაერთიანებამ 6 ოქტომბერს საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების მოთხოვნით პარლამენტში ინიციატივა შეიტანა.

ინიციატივის მიხედვით, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით უნდა დაწესდეს, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.

მომავალში კი,  უნდა მოხდეს მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და მიაღწიოს საშუალო ხელფასის 60%-ს. ოდენობას, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და სკანდირებენ – „მინიმალური ხელფასი 20 ლარი სირცხვილია“…

 

„ჩვენი ინიციატივა ეხება საქართველოს 192 ათას მოქალაქეს, რომელიც სასოწარკვეთილია იმ შემოსავლებიდან და მინიმალური ხელფასიდან, რომელიც საქართველოშია დღეს.

მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეადგინონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე იქნება დაფუძნებული და მათ შორის არის სწორედ ჩვენს მიერ შეტანილი ინიციატივა, რომელსაც მყისიერი განხილვა სჭირდება“  – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მედიასთან კომენტირებისას.

პროფკავშირების თქმით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ 190,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა, რადგან საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი  სწორედ ამ ოდენობის დასაქმებულს აქვს.

შეგახსენებთ, მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 12,500 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასი – 131 841, ხოლო, 636 ლარზე ნაკლები ხელფასი – 190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს.

ეს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით რიგით მესამე ინიციატივაა, რომელიც პროფკავშირებს პარლამენტში შეაქვს