მიმდინარეობს საიტის განახლება

მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ როგორც სხვა ქვეყნებში ჩასული, ასევე, საქართველოში ჩამოსული მიგრანტების უფლებებისთვის – დღეს მიგრანტთა საერთაშორისო დღეა

სოციალური კეთილდღეობისთვის მიტოვებული კერა – დღეს მიგრანტთა საერთაშორისო დღეა.

პროფკავშირები ოდითგანვე იბრძვის სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იმუშაოს და იცხოვროს ღირსეულად, განურჩევლად: სქესისა, ეროვნებისა, კანის ფერისა, რელიგიური მრწამსის თუ სხვა ნიშნისა.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ როგორც სხვა ქვეყნებში ჩასული, ასევე, საქართველოში ჩამოსული მიგრანტების უფლებებისთვის.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად მუშაობს შრომითი მიგრაციის საკითხებზე, როგორც საკანონმდებლო, ისე სამართლებრივი დაცვისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას საკუთარი მოქალაქეების დაცვა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც რამდენჯერმე მოუწია.

რთულია, როცა სამშობლოდან შორს, მძიმე სამუშაო პირობები, სტრესული სამსახური დაგხვდება, თვის ბოლოს კი, შესაძლოა ხელფასი არც გადაგიხადონ. სწორედ ამ პირობებში უწევდათ მუშაობა და ცხოვრება ტრაილერების ქართველ მძღოლებს ამ წლის მარტის თვიდან აპრილის ბოლომდე გერმანიაში მანამ, სანამ საქართველოს პროფკავშირებს დახმარების თხოვნით მომართავდნენ. როგორც აღმოჩნდა, თვეობით მანქანაში ცხოვრება და ანალოგიურ პირობებში ყოფა უწევდათ სხვა ქვეყნის მოქალაქე სატვირთოს მძღოლებსაც.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა. დახმარებისთვის მიმართა პოლონეთისა, ჰოლანდიის და გერმანიის პროფკავშირებს და საერთაშორისო პროფკავშირებს.
საქმის კურსში ჩავაყენეთ მედია – სამ ქვეყანაში თემა აქტუალურად განიხილებოდა სხვადასხვა ტელე თუ ონლაინ მედიასაშუალებებში. ამასთან, საქმეში ჩავრთეთ, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის ფონდი. მათი წარმომადგენლები გაფიცულებთან ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად მივიდნენ. მოახდინეს აქციის მონაწილეთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა. სამართლებრივი უფლებების დასაცავად კი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შესაბამისი მინდობილობები გააკეთა.

პარალელურად, საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით, ტრაილერის მძღოლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა საქართველოში, პოლონეთის საელჩოსთან.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, მოადგილესთან ერთად, გაფიცულებთან გერმანიაში ჩავიდა, რაც მათთვის უდიდესი სტიმული იყო, რძოლა ბოლომდე მიეყვანათ. გაიმართა შესაბამისი მოლაპარაკებები.

აპრილის ბოლოს, სატვირთო მანქანების მძღოლებმა, კუთვნილი ხელფასები მიიღეს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ახალგაზრდა მიგრანტებს ეხებოდა. ქართველი სტუდენტები, გერმანიაში, ივლისის თვეში, სტუდენტური დასაქმების ფარგლებში გაემგზავრნენ. მათ შუამავალ კომპანიას მომსახურების საფასური 100-დან 200 ევრომდეც კი გადაუხადეს, თუმცა, ადგილზე ჩასულებს არც სამსახური დახვდათ და არც საცხოვრებელი პირობები. თავდაპირველად, სტუდენტები ღამეს იაფფასიან სასტუმროებში, საკუთარი ხარჯებით ათენებდნენ. მოგვიანებით, გერმანელი დამსაქმებლის კუთვნილ საცხოვრებელში გადაიყვანეს, სადაც, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – მათ რიგ-რიგობით ძილი უწევდათ, რადგან, ადგილზე საკმარისი საწოლიც კი არ იყო. იმედგაცრუებულები საქართველოში საკუთარი ხარჯებით დაბრუნდნენ და დახმარების თხოვნით პროფკავშირების გაერთიანებას მომართეს. პროფესიული კავშირების გაერთიანების აქტიური ჩართულობითა და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, შუამავალი კომპანიის წარმომადგენელმა აღიარა და შეასრულა ექვსივე სტუდენტის მიმართ არსებული ვალდებულებები.

მსგავსი საქმე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას წინა წელსაც ჰქონდა – 2022 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდში სტუდენტები გერმანიაში ქართულმა დასაქმების კომპანიამ გაგზავნა. ადგილზე ჩასულებს მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობებიდახვდათ. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს გერმანელმა დამსაქმებელმა გერმანულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებაზე ხელი ბრმად მოაწერინა. სამუშაოზე ექცეოდნენ დამამცირებლად, ხელფასებს უკავებდნენ დაუსაბუთებლად, საათობით ელოდნენ მუშაობის დაწყებას და დასრულებას და ა.შ. ადგილზე კი რეალური დახმარება არავინ გაუწია. სტუდენტებმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას დახმარების თხოვნით მას შემდეგ მომართეს, როცა ქვეყანაში დაბრუნდნენ. 16 სტუდენტიდან ნაწილს დავალებიანება გერმანელმა დამსაქმებელმა სრულად აუნაზღაურა, ნაწილის შემთხვევაში, მატი უფლებების აღსადგენად ბრძოლა გრძელდება.

აღნიშნული საქმეების წარმოების შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ასობით დასაქმებული პროფკავშირის წევრი გადაამზადა. მიგრანტთა უფლებებზე მუშაობა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

2023 წლის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად:

• შუამავალ კომპანიებს – დასაქმების კერძო სააგენტოებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უწევენ მომსახურებას უცხოეთში დასასაქმებლად, 1-ლი სექტემბრიდან დაევალათ საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სერტიფიცირება. აიკრძალა საშუამავლო საქმიანობა სერტიფიკატის გარეშე.

• რეგისტრაცია და სერტიფიცირება ხელს შეუწყობს საშუამავლო კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას, ამის შედეგად კი – მათი მომსახურებით მოსარგებლე პირთა შრომითი უფლებების დაცვას.

• 1-ლი სექტემბრიდანვე საჯარო ხდება სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაცია.

• თუ საშუამავლო კომპანია საქმიანობას არ დაარეგისტრირებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ან საქმიანობას განახორციელებს სერტიფიკატის გარეშე, 1-ლი სექტემბრიდან გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მეორედ განმეორების შემთხვევაში – 3 500 ლარის ოდენობით, მესამედ განმეორების შემთხვევაში _ 4 000 ლარის ოდენობით, მეოთხედ და ყოველი მომდევნო განმეორების შემთხვევაში _ 12 000 ლარის ოდენობით.

• საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს, დასაქმდეს უცხოეთში და ისარგებლებს შუამავალი კომპანიის დახმარებით, 1-ლი სექტემბრიდან სავალდებულო ხდება შრომითი ხელშეკრულება შეიცავდეს: დასაქმებულის სახელს, პირად ნომერს, უცხოელი დამსაქმებლის დასახელებას, შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა, ხელფასის ოდენობა და გაცემის ფორმა, ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და მოქმედების ვადა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომლებიც გათვალისწინებულია იმ ქვეყანაში, სადაც საქმდება საქართველოს მოქალაქე.ეს არის ჩამონათვალი იმ არსებითი პირობებისა, რომელთა ცოდნის შემთხვევაში უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე უფრო მეტად იქნება დაცული შრომითი ექსპლუატაციისგან.

• შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დაიდოს წერილობით, ქართულ ენასა და სახელმწიფო ენაზე იმ ქვეყნისა, რომელშიც აპირებს დასაქმებას საქართველოს მოქალაქე.

• შუამავალი კომპანია ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინოს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში საჯაროა პერსონალური მონაცემების დაფარვით.

• ანგარიშის წარუდგენლობის გამო შუამავალ კომპანიას 1-ლი სექტემბრიდან დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, მეორედ განმეორების შემთხვევაში – 1500 ლარის ოდენობით, მესამედ განმეორების შემთხვევაში _ 3000 ლარის ოდენობით, სერტიფიკატის გაუქმებას და უცხოეთში დასაქმებაში შუამავალი საქმიანობის აკრძალვას.

18 დეკემბერი მიგრანტთა საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 2000 წელს გამოცხადდა. მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში და მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. ამ თარიღის დაწესება 1990 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ შრომითი მიგრანტების და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღებამ განაპირობა.