,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ს და „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციისთვის, დავების დროული და ეფექტური გადაწყვეტისთვის.
მხარეები გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, გადამზადების კურსების ერთობლივ ორგანიზებას, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავებას და გამოცემას.
მედიაცია − ევროკავშირის ქვეყნებსა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ჯანსაღი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც მოდავე მხარეები მათთვის საუკეთესო გამოსავალს პოულობენ. მედიაცია ეს არის ინსტრუმენტი როდესაც მხარეებს შეუძლიათ მედიატორის ჩართულობით მიაღწიონ ურთიერთ მისაღებ შეთანხმებას სადაო საკითხებზე სასამართლოს გარეშე.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შრომით დავებზე მედიაცია, რამდენადაც გაჭიანურებული სასამართლო დავები ორივე მხარეს აზარალებს. ინდივიდუალურ შრომით დავებზე მედიაცია საქართველოსთვის სიახლეა და ახლა იკიდებს ჩვენს ქვეყანაში ფეხს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა დასაქმებულთა მომართვიანობა შრომით საკითხებზე, აქედან გამომდინარე დავების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა. დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე.
მემორანდუმი ღირსეული შრომის მსოფლიო დღის ფარგლებში გაფორმდა.