სასწრაფო დახმარების უმცროს ექიმზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაზარალებულზე (ინიციალები კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, შეცვლილია) ლ.გ.-მ ფიზიკურად იძალადა იმ დროს, როდესაც ექიმი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ბრალდებულის მტკიცებით, ექიმმა მისამართზე მისვლა დააგვიანა. მისთვის ნაჩვენები მტკიცებულების მიუხედავად, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბრიგადა მისამართზე შეტყობინებიდან 5 წუთში გამოცხადდა პაციენტთან, მისი დამშვიდება ვერ შეძლეს. მოძალადემ რამდენიმე პირის თანდასწრებით ექიმს სახეში ხელი დაარტყა, წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლი ესროლა, თმის მოქაჩვას ცდილობდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებოდა.
სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ მუქარა გაჟღერდა და ძალადობა ჩადენილი იყო საჯარო ადგილას არაერთი პირის თანდასწრებით დაზარალებულის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ზრდიდა დანაშაულის მომავალში ჩადენის რისკსაც.
დამნაშავეში დაუსჯელობის განცდის გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ სათანადოდ შეაფასა ბრალდებულის ქცევის სიმძიმე და მოძალადეს პატიმრობა შეუფარდა.
დაზარალებული ექიმის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სასჯელის დადგენის დროს გაითვალისწინა ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლად გახდომის მომეტებული რისკი, რომლის ქვეშაც ექიმები იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ამ რისკის მინიმუმადე შემცირების მიზნით, მიიღოს პრევენციული ზომები, მათ შორის, მსგავს ფაქტებზე მყისიერი და ადეკვატური რეაგირების გზით, რათა სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ საკმარისი დაცულობის განცდა, რაც პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული მათ მიერ პროფესიული მოვალეობის ჯეროვან შესრულებასთან.