მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის XIV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, დელეგატების ხმათა უმრავლესობით, დარგის პრეზიდენტად ირაკლი ამირანაშვილი აირჩიეს.
ყრილობაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ. გამოსვლისას, ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულთა იმ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. ასევე, ხაზი გაუსვა პროფკავშირების როლს და მიღწევებს, რამაც დღევანდელ რეალობაში მშრომელებისთვის სულ სხვა სურათის შექმნა შეძლო.
„ამ გლობალურ სამყაროში, იმ ფონზე, როცა ამდენ გამოწვევას ვაწყდებით, ვცდილობთ, ერთიანად, სოლიდარობით გადავჭრათ ის პრობლემები და ხარვეზები, რაც შრომით ურთიერთობაში ჯერ კიდევ ასე ხშირია. იყო დრო, როცა უფლებები მხოლოდ დამსაქმებლებს ჰქონდათ, დასაქმებულებს კი – მხოლოდ ვალდებულებები. ჩვენ, ჩვენი ბრძოლით, ერთიანობით მოვახერხეთ, რომ შრომის ინსპექცია გვაქვს, რომ შრომის კოდექსში შევიტანეთ იმ ტიპის ცვლილებები, რომლითაც თქვენ გეძლევათ საშუალება, თქვენი პრობლემები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს შრომით სფეროში. ამიტომ, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, მოვახდინოთ დასაქმებულებისთვის უკეთესი გარანტიების შექმნა, რაც მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის გვერდით დგომით და დაუღალავი შრომით მიიღწევა“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ყრილობაზე სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ირაკლი ამირანაშვილმა წარმოადგინა თავისი ხედვა და 2024-28 წლებში სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ეტაპობრივად დარგში არსებული პრობლემების მოგვარება.
„მადლობა მინდა გადავუხადო პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს. რასაც აქამდე მივაღწიეთ, სწორედ გაერთიანებასთან ერთად და მათი თანადგომით მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. ვიმედოვნებ, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი, თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ, გავუმკლავდეთ გამოწვევებს და შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები და გარემო“ – განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.
ირაკლი ამირანაშვილი დარგს ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/nBiKbPbRnQNkpEPi/