შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, შრომის საერთშორისო ორგანიზაციის 112-ე ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების დელეგაციამ ირაკლი პეტრიაშვილის ხელძღვანელობით პარტნიორ ორგანიზაციებთან და ქვეყნების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასა და პირადად ირაკლი პეტრიაშვილს უკრაინელი ხალხისა და პროფკავშირების მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის სახელით, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 3 მილიონამდე დასაქმებულს, მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიმართ, თქვენი ძმური და სოლიდარული მხარდაჭერისთვის უკრაინელი ხალხისა და პროფკავშირების მიმართ რუსული ოკუპაციის და უკრაინასთან ტერორისტულ ომთან დაკავშირებით.
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გმირული წინააღმდეგობის უკიდურესად რთულ დროს, 15 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი, ხოლო 8 მილიონი მიგრანტად იქცა. ამასთან, 5 მილიონმა ადამიანმა სოფლების და ქალაქების მუდმივი დაბომბვის გამო დაკარგა სამუშაო ადგილი და საცხოვრებელი.
თქვენმა მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა, რომ ათასობით მოქალაქეს მიეღო ასე საჭირო მხარდაჭერა და დახმარება. თქვენმა გაწეულმა დახმარებამ ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების იმედი და რწმენა შთაგვინერგა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაუძლეველ ბრძოლაში. ჩვენი ქვეყნების ერთიანობა, უნივერსალური ღირებულებებისთვის ბრძოლა, თავისუფლება და დემოკრატია, გაძლიერებული პროფკავშირული სოლიდარობით, ეს ყოველივე წარმოადგენს გასაღებს გლობალური მშვიდობისა და ჩვენი ხალხების უკეთესი მომავლისათვის“ – ნათქვამია მადლობის სიგელში, რომელსაც ხელს უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის პრეზიდენტი გრიგორი ოსოვი აწერს.