მიმდინარეობს საიტის განახლება

ლაგოდეხის მერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის დანიშვნა აეკრძალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, სასამართლო დავის დასრულებამდე, აეკრძალა ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა.

საქმე ეხება დავას, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აწარმოებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ააიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურთან. მედიცინის პროფკავშირი და გაერთიანების იურისტი უკანონოდ გათავისუფლებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ყოფილ დირექტორს იცავენ.

სარჩელის მიხედვით პროფკავშირები ითხოვს 1. ბათილად იქნას ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; 2. დაევალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდელ პოზიციაზე, კერძოდ, ააიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე; 3. ააიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის ანაზღაურება, 2021 წლის ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4. ააიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2021 წლის გამოუყენებელი 24 დღის ფასიანი შვებულების ანაზღაურება;

ამავე სარჩელით პროფკავშირების გაერთიანებამ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყონებლივ გამოყენება, რადგან თუ მოხდება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღდგენა ვერ განხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ აღარ იარსებებს დირექტორის ვაკანტური თანამდებობა. ამასთანავე, წარმოუდგენელია აღნიშნულ დაწესებულებაში დირექტორის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობის არსებობა. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის პირობებში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არსებობს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და 8 დეკემბერს მიიღო უმვნიშვნელოვანესი განჩინება, რომლითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს დავის დასრულებამდე აუკრძალა ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში მედიცინის პროფკავშირი და პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავენ.