კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დავა მოვუგეთ

5 წლიანი სასამართლო პროცესი პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა – დასაქმებული კომპენსაციის სახით 20 000 ლარზე მეტს მიიღებს. სასამართლოს ორი ინსტანციის წაგების შემდეგ პროფკავშირებმა გამარჯვებას უზენაეს სასამართლოში მიაღწიეს.

მოსარჩელე რ.მ. მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული გახლდათ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის იგი მუშაობდა ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე. იგი ჯეროვნად და ხარისხიანად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

2016 წლის დეკემბრის თვეში, მოპასუხის მიერ ჩატარებულ იქნა “ატესტაცია.” როგორც მოსარჩელისათვის და სხვა თანამშრომლებისათვის იყო ცნობილი აღნიშნულის მიზანი იყო საჭიროებების განსაზღვრა და შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. ატესტაცია ჩატარებულ იქნა ორ ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება. გაურკვეველი ფორმით და პრინციპით ჩატარებული ტესტირება და მიკერძოებული გასაუბრება კომისიის მიერ ფორმალურად გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გაშვების წინაპირობა. 2016 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან 2016 წლის 30 დეკემბრიდან.

სასამართლოში საქმის განხილვა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმეზე დაიკითხა არაერთი მოწმე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2021 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ცნო რ.მ. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეს დააკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა.

რ.მ. ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.