საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირისა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავა – სამედიაციო შეთანხმებით დასრულდა.
ურთიერთკომპრომისისა და მხარეებს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების მიმდინარეობით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რაც თავის მხრივ გულისხმობს შემდეგს:
2020 წლის 1 მარტიდან დაანონსებული 10%_იანი სახელფასო ზრდა განხორციელდეს და დაიწყოს 2019 წლის 1 დეკემბრიდან – აღნიშნული გადაწყვეტილება, დამატებით 3 მილიონი ლარით, ხოლო ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარით ზრდის სახელფასო ბიუჯეტს და მოიცავს 12 500 რკინიგზელს;
შეთანხმების თანახმად მოიხსნას ყოველგვარი დამატებითი კრიტერიუმი (შეფასებები, საყვედური, გაფრთხილება, ბიულეტინი..) და მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში (2019 წლის ნოემბერი), საპრემიო ბიუჯეტი (დაახლოვებით 4 მილიონი ლარი) გადანაწილდება სოლიდარობის პრინციპის დაცვით – 12 500 რკინიგზელზე თანაბრად (333 ლარი);
ადმინისტრაციის მხრიდან 2020 წელს დაანონსებულ საპრემიო ფულად საჩუქარს (საახალწლოდ – 200ლარი, სააღდგომოდ -200 ლარი), დაემატა კიდევ ერთი – რკინიგზელის დღესთან დაკავშირებული პრემია – 200 ლარის ოდენობით – რაც თავის მხრივ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით ზრდის საპრემიო ბიუჯეტს;
2021 წლის ივნისის თვეში ხელფასების შემდგომი სეგმენტური ზრდის მიზნით, ადმინისტრაცია და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამართავენ დამატებით მოლაპარაკებებს.
შრომის კანონმდებლობის, მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დაცვისა და საწარმოო ტრამვების (ასევე, უბედური შემთხვევების) გამოკვლევის მიზნით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მონაწილეობას მიიღებს საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევის ღონისძიებებში – წევრი რკინიგზელების შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმების პირობები გახლავთ ის მაქსიმუმი, რისი შესაძლებლობაც ორივე მხარეს მოლაპარაკებების რთულმა პროცესმა და კომპანიის შესაძლებლობებმა მოგვცა. შედეგად, დათმობებისა და უთიერთკომპრომისის ხარჯზე, თავიდან იქნა არიდებული გაფიცვის უფლების გამოყენება, რაც თავის მხრივ რთულად გადასატანი იქნებოდა როგორც კომპანიისთვის, ისე იქ დასაქმებული 12 500 რკინიგზელისთვის.