მიმდინარეობს საიტის განახლება

კანონდარღვევით გათავისუფლებულ დარაჯს 9 თვის განაცდურს გადაუხდიან!

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. გ.ჩ.-ს ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება იცავს.

დასაქმებული ა.ა.ი.პ. ,,თბილისის №211 საბავშვო ბაგა-ბაღში“- ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებით, გამოსაცდელი ვადით 2018 წლის 1 ოქტომბერს დასაქმდა. მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა – 200 ლარს. ერთი თვის შემდეგ დამსაქმებელმა კვლავ გაუფორმა მოსარჩელეს მოკლევადიანი ხელშეკრულება 2 თვის ვადით 02.01.2019წ. (ჩათვლით). ამასთან, 02.11.2028წ. დამსაქმებელმა დამატებით მოსარჩელის თანხმობის გარეშე გამოსცა ბრძანება 02.11.2018 წლიდან – 02.01.2019წ. ჩათვლით გამოსაცდელი ვადის დაწესების შესახებ. მოსარჩელემ მიიღო პრემიაც.

2018 წლის 28 დეკემბრიდან -15 იანვრამდე გ.ჩ. საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. 16 იანვარს კი მისმა დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება დასაქმებულის ბიულეტენიდან გამოსვლისა და მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის, ანუ პროფკავშირების გაერთიანების არგუმენტაცია: ა) მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელის თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაო არ ითვალისწინებდა იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელი იყო მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება; ბ) განმეორებით გამოსაცდელი ვადის და ისიც მოსარჩელის თანხმობის გარეშე დაწესებასთან დაკავშირებით.

ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის განმეორებით დაწესებული გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხეს დაეკისრა 9 თვის განაცდურის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

ბაღის დარაჯის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი სერგო მახარაძე იცავს.