მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილმა ევროკავშირის პროფკავშირების გაერთაინებას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გაწევრიანების პროცესში გამოხატული ერთსულოვნებისათვის

2024 წლის 15-16 ოქტომბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოდებოდა ბელგიაში, ქ. ბრიუსელში, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროფკავშირების გაერთიანების (ETUC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში, როგორც გაერთიანების წარმომადგენელმა და კომიტეტის წევრმა.
ირაკლი პეტრიაშვილმა ევროკავშირის პროფკავშირების გაერთაინებას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გაწევრიანების პროცესში გამოხატული ერთსულოვნებისათვის.

,,მოგესალმებით დებო და ძმებო, მაქვს პატივი გადმოგცეთ გულითადი მოკითხვა და მადლობა საქართველოს მშრომელების სახელით!
მადლობა თითოეულ თქვენგანს საქართველოს პროფკავშირების ამ დიდ და ღირსეულ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის და ეს იმ დროს, როცა საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ არ გახლავთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გარწმუნებთ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავამართლოთ თქვენს მიერ გაცემული ნდობა, გასაკეთებელი კი მართლაც ბევრია.
ქართულმა პროფკავშირმა, მიუხედავად უამრავი არაკეთილმოსურნისა, მოახერხა ქვეყანაში პროფკავშირებისადმი არსებული საბჭოთა სტერეოტიპების ცნობიერების დამსხვრევა, აბსოლუტურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, თავისი წევრების ინტერესებზე ორიენტირებული ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ქვეყანაში, რომელიც ათწლეულებია გახლავთ ნეოლიბერტარიანიზმის დიქტატის ქვეშ, მოვახერხეთ სამმხრივი კომისიის შექმნა, შრომის კოდექსში უპრეცედენტო ცვლილებების განხორციელება, შრომის ინსპექციის შექმნა, ქალთა უფლებებთან და ემიგრანტებთან დაკავშირებით გარკვეული, მაგრამ არასაკმარისი, ცივილიზებული ნორმების დანერგვა. ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ დიდ ოჯახთან ერთად, ETUC-ს ჩართულობით, კიდევ უფრო ეფექტიანად გავუწევთ ადვოკატირებას იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართველ მშრომელებს აქვთ. ეს იქნება მინიმალური ხელფასი თუ პროგრესული გადასახადები, უმუშევრობის შემწეობა, ეკოლოგია და ჰიგიენა თუ შსო-ს კონვენციების რატიფიცირება და იმპლემენტაცია.
ამასთანავე, ვფიქრობ ჩვენ გაწევრიანებაც სასარგებლო იქნება ETUC-სთვის. მსოფლიოში არსებული პოლიტიკური რეალობა, ბრძოლა დემოკრატიულ და ავტორიტარულ სამყაროს შორის, ბრძოლა სინათლეს და სიბნელეს შორის, ამ გლობალურ სამყაროში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენად მრავალრიცხოვანი და ხარისხიანი იქნება დემოკრატიული და დემოკრატიის სრულყოფისკენ მსწრაფი ქვეყნების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების ხმა, რათა მოვახდინოთ გავლენის გაზრდა პოლიტიკაზე იმ რეალური გამოწვევების გადასაჭრელად, რაც სასიცოცხლოდ მნივშნელოვანია მშრომელებისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის. მჯერა და მწამს, რომ ჩვენი ინტეგრაცია ETUC-ში ერთ აგურს მაინც დადებს ამ დემოკრატიული ორგანიზაციის პოზიციების გაზრდის და გაძლიერებისთვის, რათა მეტი სინათლე იყოს მსოფლიო რუკაზე და გაიმარჯვოს ბნელზე ნათელმა.
დღეს ისტორიული დღეა, არა მხოლოდ საქართველოს თითოეული მშრომელისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს არა მხოლოდ გეოგრაფიულ წიაღს, არამედ გენეტიკურ მდგომარეობას. დებო და ძმებო, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ეს ქვეყანა იბრძოდა თავისუფლებისთვის. მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა საპარლამენტო მონარქიის მსგავსი მმართველობა, ორი საუკუნის მანძილზე ჰყავდა ქალი მმართველები, სამწლიანი დამოუკიდებლობის პირობებში (1918-1921 წწ) შექმნა უპრეცედენტო კონსტიტუცია, რომელიც დღემდე გაოცებას იწვევს სპეციალისტებში. დიახ! თავისუფლებისთვის ბრძოლა, სოლიდარობა, დემოკრატია, ტოლერანტობა, სამართლიანობა – ეს ჩვენს გენეტიკაშია და ამავე დროს ეს ევროპული ღირებულებებია, აქედან გამომდინარე, ევროპა ჩვენი გენეტიკური მდგომარეობაა, ევროპა, რომელსაც ასევე აქვს უამრავი გამოწვევა და სამართლიანობის პრინციპებთან შეუსაბამო მომენტები, რომელთა გამოსასწორებლადაც აწ უკვე ერთად მივმართავთ ძალისხმევას!”