ირაკლი პეტრიაშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის შემდეგ, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) გენერალური საბჭოს სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და მოლდოვამაც მიიღოს.
პეტრიაშვილის ვიზიტს ბრიუსელში წინ უსწრებდა 27 თებერვალს, მის მიერ ევროპის პროფკავშირებისადმი მიმართვა, რომ გენერალური საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში უკრაინაში მიმდიანარე მოვლენების განხილვის საკითხიც შეეტანათ.
სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირებმა „ETUC“ 2 მარტს ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართა, სადაც პეტრიაშვილმა დააყენა საკითხი, რომ უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსა და მოლდოვასთვისაც უნდა მოხდეს.
მომხსენებლის რანგში ირაკლი პეტრიაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უკრაინა დღეს, ისევე როგორც საქართველო წარსულში, არჩევანის თავისუფლების გამო ისჯება. დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება, ეს ის მცნებებია, რომლის მიმართ მგრძნობელობაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მშრომელთა წარმომადგენლებს განსაკუთრებულად აქვთ.
„დასავლური ღირებულებები პროფკავშირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უკრაინის შემდეგ რუსული აგრესია საქართველოსკენ იქნება მომართული. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის“ – განცხადა პეტრიაშვილმა.
ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ჰიბრდული ომი საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხნის დაწყებულია. ამიტომ, უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოების მიერ, იმედგარცურება დასავლეთისა და ამ პროცესებში მათი რეაგირების მიმართ გაიზრდება.
„ETUC“-ის ლიდერი, ლუკა ვისენტინი ევროკავშირის დამსაქმებლებთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. აუდიენციის პროცესში ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მსოფლიო პროფკავშირებს მოუწოდა, რუსული აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთონ. როგორც ჰუმანიტარული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, საკუთარი ქვეყნების მთავრობებთან და პარტიებთან ლობირებით.